მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს, ეძებენ ოჯახის კიდევ 2 წევრს

პუბლიკა

მაშველებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყრულ მასაში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება კიდევ 2 ადამიანის საპოვნელად. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეძებენ გარდაცვლილი ქალის ქმარს და მცირეწლოვან შვილს.

ცოტა ხნის წინ მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ავტომობილიც იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანიდან ორი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.

უწყების ცნობით, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

„ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თავდაცვის სამინისტროს გამნაღმველები, რომლებიც მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებდნენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, საიდანაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, ხოლო მისი მძღოლი დაკარგულია“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებოს ცნობით, გვიან ღამით, აჭარაში სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.