მეწყრული პროცესი სულ რამდენიმე დღეა გააქტიურდა, ფორსმაჟორულ რეჟიმში ვმუშაობთ | მერია

პუბლიკა

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მედიასთან.

მისი თქმით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლებში განხორციელებული მოქმედებების შედეგად სტაბილიზაციაში მყოფი მეწყერული პროცესების ნაწილობრივი გააქტიურება სულ რამდენიმე დღეა რაც დაიწყო და თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა პრობლემა მალე გადაიჭრას. მისივე თქმით, პასუხისმგებლობის საკითხის დასმამდე ცნობილი უნდა გახდეს, კონკრეტულად რამ გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება.

ის ამბობს, რომ ამის დადგენას დეტალური კვლევების ჩატარება სჭირდება და მანამდე მერიის მთავარი ამოცანა მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხო გახსნაა, რომელიც 16 მარტს მერიამ სწორედ მეწყრული პროცესები გააქტიურების გამო გადაკეტა.

„ამ ფაქტის დადგომასთან ერთად ოპერატიულ რეჟიმში მერიის შესაბამისი სამსახურები, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად ჩაერთნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. რაც მე შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ 24-საათიანი რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია სპეციალისტების მხრიდან, რომ პირველ რიგში მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც იცით, რომ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობას მერიამ შეატყობინა და მოხდა ამ ქუჩის გადაკეტვა. ასევე მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს ამ მეწყერული პროცესების მონიტორინგი. მიმდინარეობს დეტალური კვლევა, პროექტირება და ამის შემდგომ შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. კვლევა – პროექტირების ეტაპზე ვართ. უახლოეს პერიოდში დასრულდება და გვექნება პირველადი მონაცემები, რასთან გვაქვს საქმე. მომდევნო კვირაში გერმანელი ექსპერტები ჩამოგვყავს, გეოინჟინერები. მათი აზრიც მნიშვნელოვანია. პირველ რიგში მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ პირველი რიგის ამოცანაა, რომ მაჭავარიანის ქუჩის გახსნა მოხდეს რაც შეიძლება მალე, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, რაც დარწმუნებული ვიქნებით, რომ იქნება უსაფრთხო გადაადგილება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისი თქმით, მერიამ მაჭავარიანის მარშალ გელოვნის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის დაწყებამდე დეტალური კვლევები ჩაატარა, არსებობს გეოლოგიური დასკვნებიც.

„ამ სამუშაოების დაწყებამდე გაკეთდა დეტალური პროექტი, იყო გეოლოგების დასკვნები და ჩატარდა ექსპერტიზა. ამის შემდგომ მოხდა ამ სამუშაოების დაწყება. მოსახლეობას მეტი სიცხადისთვის ინფორმაცია მინდა მივაწოდო, რომ ეს მეწყერული პროცესები ხდება მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში. ზედა ფერდობზე. ხოლო ის საგზაო სამუშაოები, რომლებზეც საუბარია, არის მაჭავარიანის ქვედა ნაწილში“, – განაცხადა ბენდელიანმა.

კითხვაზე – რამ გამოიწვია მეწყერული პროცესების გააქტიურება და ვინ არის პასუხისმგებელი? – ბენდელიანმა უპასუხა:

„ეს რაიმე კონკრეტული ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა. ეს წლების განმავლობაში მიმდინარე სამუშაოებია. ასევე ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით. ახლა ჩვენ ვართ ეტაპზე, რომ ამ მეწყერული პროცესის გააქტიურება სულ რამდენიმე დღეა რაც მოხდა და 24-საათიან რეჟიმში, ფოსთმაჟორულ მდგომარეობაში ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვხსნათ. პასუხისმგებლობის საკითხი რომ დასვა და რომ თქვა კონკრეტულ პიროვნებაზე, ან ორგანიზაციაზე, რომ ის არის პასუხისმგებელი, მაშინ პირველ რიგში ზუსტად უნდა იცოდე და დარწმუნებული უნდა იყო, მეწყერული პროცესის გამომწვევ მიზეზებზე. აქ არის რამდენიმე ფაქტორი – ამას სჭირდება კონკრეტული და დეტალური კვლევები, რომ იცოდე რამ გამოიწვია. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი დედაქალაქისთვის, აუცილებელია დროულად მოხდეს ამ გზის გახსნა“, – განაცხადა ირაკლი ბენდელინამ.