მღებრიშვილი აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში უკვე შეფრინდა ვერტმფრენი, რომლითაც ცხედრებს გადაასვენებენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის შედეგად დაღუპულების გადმოსვენების შესახებ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ცოცხალი ძალით ცხედრების გადმოსვენება შეუძლებელია.

მისივე თქმით, ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრისკენ უკვე გაფრინდა და მოხდება ცხედრების პროზექტურაში გადასვენება.

„იცით თქვენ, რომ დილის საათებში 2 ცხედრის ამოსვენება და შემდეგ უკვე გადასვენება მოხდა ქუთაისის პროზექტურაში. არაერთხელ ითქვა უკვე, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები.

ჩვენი მეხანძრე- მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 კვ.მ რადიუსში იქნა ნანახი ცხედრები. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება, მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა. ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც მოახდენს ცხედრების გადმოსვენებას“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. მღებრიშვილის მიერ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ადგილობრივები შოვში დილით ნაპოვნი 6 ადამიანის ცხედრის გადმოსვენებას ითხოვდნენ.

„დილის 6 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვეთ მიცვალებულები, ამოვასვენეთ… ერთად დავასვენეთ აქ, რომ ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანა, ისევ აქ დაგვხვდნენ. მთელი დღე უპატრონოდ არიან დატოვებულები, არ უნდა გადაასვენონ?! ახლა არის 3 საათი”,- ამბობდა ერთ-ერთი ადგილობრივი ვიდეო-ჩანაწერში.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას შოვში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მეხანძრე მაშველები, მუშაობს 2 ვერტმფრენი.

მეწყერი შოვში გუშინ, 3 აგვისტოს „სანსეტ შოვის” მიმდებარედ ჩამოწვა.

შსს მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ფლობენ ინფორმაციას დაკარგული პირების შესახებ, დაუკავშირდნენ აღნიშნულ ნომერზე: 598 913 089