„მღვდელოვიჩი, ბოთე, მაწაკი, ხორთუმა“, - შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 25 პირი დააკავა

პუბლიკა

„ყასაბიჩი“,„ჩიჟიკა“,„წიწაკა“,„მღვდელოვიჩი“,„ბოთე“,„ხორთუმა“, „რიჟა“, „მაწაკი“ და სხვა – შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით საქართველოს 10 ქალაქში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით ჯამში 25 პირი დააკავეს.

უწყების თქმით, ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით 4 პირს. მათივე ცნობით, საგამოძიებო ოპერაცია 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვას, რითაც ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ უპირატესობა, კრიმინალური გავლენა და ძალაუფლება.

წარსულში მრავალგზის ნასამართლევ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე, სადაც ახდენდნენ კრიმინალურ გარჩევებს, აორგანიზებდნენ და გეგმავდნენ სხვადასხვა დანაშაულებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ 9 “კანონიერ ქურდთან”, მათ შორის არიან: კახა შუშანაშვილი, შოთა ასათიანი, ნამიქ სალიფოვი, ლუკა ასანიძე, პაატა ბაქრაძე, დავით ქურასბედიანი და სხვა ე.წ. „კანონიერი ქურდები“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს თქმითვე, ბრალდებულების ქმედებებით დაზარალებულია 100-მდე მოქალაქე, ჩხრეკისას კი ამოღებულია ისეთი ნივთები, როგორიცაა სხვადასხვა ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალებები და ასევე – ძვირადღირებული ავტომობილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile