„მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს“ - მელია პოლიტიკური ამნისტიის მოთხოვნაზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, პოლიტიკური ამნისტიის და ეროვნული შერიგების შესახებ მოთხოვნა გასაგებია, თუმცა არარეალისტურია, რადგან ხელისუფლება მხოლოდ პოლიციურ ბერკეტებს იყენებს და მათგან არ ჩანს დაპირისპირების შერბილების მცდელობაც კი.

„იდეა მისასალმებელია ყველას მხრიდან, სამოქალაქო მშვიდობა მნიშვნელოვანია და პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დასრულდეს. ერთია გინდოდეს, მაგრამ მეორეა რამდენად რეალისტურია ეს ყველაფერი. საზოგადოებრივად აქტიური წევრებისგან ეს მოთხოვნა განსაკუთრებით გასაგებია ჩემთვის და მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც გასაგებია, მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირების შერბილების მცდელობას მაინც ხომ უნდა ჰქონდეს ადგილი ხელისუფლების მხრიდან, როდესაც თავიდან ბოლომდე პოლიციურ ბერკეტებს ეყრდნობა.

ამ დროს ამ ხელისუფლებას მოსთხოვო საყოველთაო ამნისტია, უბრალოდ მჯერა, რომ ამას ის არასოდეს გააკეთებს. ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი, ქუჩაში მოსიარულეც კი მათთვის საფრთხეა. კი, ვისაუბრებთ, მაგრამ მგონია რომ ყრუ კედელია. ამ ყველაფრის მიმართ ვხედავ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურს აინტერესებს, რომ აქ სამოქალაქო დაპირისპირება გაღვივდეს. მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს ჩემთვის ეს ინიციატივა. ბატონი ლილუაშვილი და გომელაური არ წამოვა ამ აქტზე ხელმოსაწერად. ეს თავშივე განწირულია“, – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.

გუშინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებდნენ. აქციის გამომსვლელები თავიანთ მიმართვებში ამბობდნენ, რომ ეროვნული შერიგებისთვის პოლიტიკური ამნისტია მნიშვნელოვანია.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა წერილით მიმართა აქციის მონაწილეებს, სადაც ის საყოველთაო პოლიტიკურ ამნისტიაზე წერს. „ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისვლაზე“, – წერდა სააკაშვილის თავის წერილში.

ამნისტიის საჭიროებაზე საუბრობს გიგი უგულავაც. „ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ხდება, რომ დავიწყოთ რეალური ფიქრი შეთანხმებაზე (პრინციპულად არ ვიყენებ სიტყვა შერიგებას), რასაც ფართომასშტაბიანი ამნისტია ჰქვია. ეს არ არის კონკრეტული პირებისთვის გამოსავალი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ვსაუბრობთ ამ ქვეყანაში თამაშის წესების შეცვლაზე. ვერ შევთანხმდებით წარსულის შეფასებაზე. „ქართულ ოცნებას“ მეორე მხარის სინანული ესმის ისე, რომ მისი პოზიცია უნდა გაიზიარო. შენ თუ არ გადახვედი ვოლსკის აზრზე და მათ შეფასებები არ გაიმეორე, მათი გაგებით „მონანული“ არ ხარ. სინანული და შერიგება ორი ისეთი სიტყვაა, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“