მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი შიოლაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა მძიმე იყო და ის პოზიციას არ იცვლის.
„მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე, როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში იგულისხმება. ვერ გეტყვით, ხვალისთვის რა შედეგები იქნება, თუმცა რასაც ვამბობ, გიდასტურებთ, რომ ბატონ ბიძინას პირისპირ შევხვდით პარტიის ოფისში“, – განაცხადა შიოლაშვილმა.
კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ დაიწყო, თუმცა ის კენჭისყრაზე არც გუშინ და არც დღეს არ დამდგარა. პროპორციული საარჩევნო სისტემის მიზანშეწონილობაზე კითხვები აქვს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს. კანონპროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებს.
საკითხთან დაკავშირებით, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. ამავე ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა „ოცნების“ ოფისში ხვალაც არის დაგეგმილი.
12 საათზე კი ჩანიშნულია პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც კონსტიტუციურ კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ.