მიანიშნა, რომ არ ესმოდა, ვერ ხვდებოდა, რა მიზეზით სჯიდნენ, ბაქრაძემ გააგრძელა მისი ცემა – პროკურორი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეტროში არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობისთვის დაკავებული ორი პოლიციელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლე ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ორივე პირი, პატრულ ინსპექტორი ნუგზარ (ნუკრი) ბაქრაძე და პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი პატიმრობაში დარჩნენ და გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

პროკურორმა შუამდგომლობის დაყენებისას ვრცლად ისაუბრა, გამოძიების ვერსიით, როგორ იძალადა ნუგზარ ბაქრაძემ დაზარალებულზე.

„ბრალდებული ბაქრაძე სრულიად უმიზეზოდ, ფიზიკურად გაუსწორდა არასრულწლოვან შშმ ლეონ ამბანცუროვს, რომელიც მიიმწყვდია მეტროსადგურ „ისანში“ საპატრულო პოლიციელთათვის განკუთვნილ ოთახში, სადაც გამეტებით ურტყა მუშტები თავის და სხეულის სხვადასხვა ნაწილში და ასეევე ქაჩავდა თმას და აგინებდა დედის მისამართით.

ნუგზარ ბაქრაძეს არასრულწლოვანზე ძალადობისას კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ ლეონ ამბანცუროვის ცემისა და გინების ფაქტს ესწრებოდნენ მისი მეგობრებიც, რის გამოც დაზარალებული კიდევ უფრო მეტად დამცირებასა და მორალურ ტანჯვას განიცდიდა.

გარდა აღნიშნულისა, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ლეონ ამბანცუროვმა არაერთხელ მიანიშნა ხელებით ჟესტიკულაციით ნუგზარ ბაქრაძეს, რომ არ ესმოდა ყურში და იყო შეზღუდული შესაძლებლობის პირი, რის გამოც საერთოდ ვერ ხვდებოდა, რატომ ძალადობდნენ მასზე და რა მიზეზით სჯიდნენ, თუმცა, მიუხედავად ლეონ ამბანცუროვის მინიშნებებისა, ბაქრაძემ გააგრძელა მისი ცემა და გინება, რაც კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს მატებს მის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და ხაზს უსვამს ბაქრაძის პიროვნებას, როგორც ძალადობისკენ მიდრეკილსა და შეუბრალებელს“, – განაცხადა პრკურორმა.