შშმ ბავშვის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ კადრებში ისინი არიან – პროკურორი

პუბლიკა

პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ამბობენ, რომ გავრცელებულ კადრებში ისინი არ არიან.

„ბრალდებულებისთვის წარდგენილი გვაქვს კადრები და უარყოფენ, რომ ისინი არიან, თუმცა დაკითხულია მათი უშუალო თანამშრომელი და ხელმძღვანელი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირები არიან კადრებში“, – განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შუამდგომლობს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიყენონ პატიმრობა, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მათი მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხე.

„ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულია არაერთი პირი, თავად დაზარალებული და ასევე, მოპოვებული გვაქვს ვიდეოჩანაწერი”, – განაცხადა მან.

24 იანვარს „ტელეკომპანია პირველმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.

ვიდეომასალაზე ასახულია, რომ სამართლადამცველს მოქალაქე  შეკრული ხელებით ესკალატორზე აჰყავს, შემდეგ კი ერთ-ერთ ოთახში შეჰყავს და თავისა და სახის არეში ურტყამს.