მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკების მოქალაქეები დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.თ.-ს განზრახული ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ი-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, ე.თ.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა ი.ი., რამაც მიგრანტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ორივე მათგანი იმ დროს დააკავა, როცა ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას საკონტროლო გამტარი პუნქტი „ვალეს” გავლით ცდილობდნენ”, – წერს შსს.