მიიღეთ ყველა ზომა რამაზანოვის უსაფრთხოებისა და ღირსების დასაცავად - NGO-ები ხელისუფლებას

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატ რამაზ რამაზანოვთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოებისა და ღირსების დასაცავად.

რამიზ რამაზანოვი უკვე 2 დღეა სახლში არ იმყოფება. მისი სახლის გარშემო პოლიციაა მობილიზებული. ოჯახის წევრების განმარტებით, რამიზ რამაზანოვი მათთან კონტაქტზეა, თუმცა არ იციან მისი ადგილსამყოფელი და ზუსტად რა ხდება მის თავს. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა უწყებას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

„ადგილობრივი ოპოზიციონერი დეპუტატის, ჰუსეინ ჰუსეინოვის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ რამიზ რამაზანოვმა მას უთხრა, რომ „ან ხმა უნდა მისცეს “ოცნების” თავმჯდომარეობის კანდიდატს, ან თავი უნდა მოიკლას.” რამაზ რამაზანოვი დმანისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შესული მაჟორიტარი დეპუტატია. ის პირველად არის საკრებულოს წევრი, მანამდე კი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ორუზმანის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. ჩვენს მიერ ადგილობრივებისგან მოპოვებული ინფორმაციით, რამიზი საქმეს კარგად უძღვებოდა. თუმცა 2 კვირის წინ საგანგებო, განმეორებითი ინსპექტირების შემდეგ მოულოდენლად, საკუთარი განცხადებით დატოვა სამსახური.

დმანისის საკრებულოში ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის ხმები თანაბრადაა გაყოფილი, რის გამოც „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარედ საკუთარი წარმომადგენლის არჩევას ვერ ახერხებს. ამ ფონზე ჩნდება ეჭვი, რომ რამიზ რამაზანოვის გარშემო მიმდინარე პროცესები მმართველი გუნდის მხრიდან მისი მხარდაჭერის მოპოვების და ამისთვის მისი პოლიტიკური შევიწროების მიზანს ატარებს“.

ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს

უზრუნველყოს რამიზ რამაზანოვის დაბრუნება სახლში. მისი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ღირსების დაცვა.

საქართველოს პროკურატურას

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რამიზ რამაზანოვის სავარაუდო პოლიტიკური დევნის ფაქტებზე და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პროცესის შესახებ.

პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”

გაიაზროს ამგვარი ქმედებების მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგი და პროცესები დემოკრატიულ ჩარჩოში დააბრუნოს.

განცხადებას ხელს აწერს:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC).