მიხაილ როთი: ლევან იზორია „აგენტების კანონზე" სასაუბროდ მოვიწვიე

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი წერს, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია „აგენტების კანონზე” სასაუბროდ დაიბარა.

„საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია „აგენტების კანონზე” სასაუბროდ მოვიწვიე. მე მხარს ვუჭერ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს: ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის მისკენ გზას”, – დაწერა მან X(Twitter)-ზე.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ აქამდეც არაერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს ევროპულ გზას.

მან ირაკლი კობახიძესაც მიმართა და კანცლერის განცხადება დაუზუსტა – ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ კანონს გაიწვევენ. საქართველოს მმართველმა გუნდმა მისთვის მიუღებელი განცხადების არასწორად თარგმნაში თარჯიმანი დაადანაშაულა.

ირაკლი კობახიძემ 12 აპრილს გერმანიის კანცლერთან ერთად საერთო პრესკონფერენციაზე კვლავ გააგრძელა ის რიტორიკა, რომელსაც რუსულ კანონთან დაკავშირებით აქამდე აკეთებდა.

მან მანიპულაციურად აღნიშნა ისიც, რომ „[მსგავს კანონს] ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი”.

მოგვიანებით, სწორედ აღნიშნულ მოსაზრებას კითხვის პასუხად გამოეხმაურა გერმანიის კანცლერიც და აღნიშნა, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ არსებობს; რომ იქ მიმდინარეობს დისკუსია სხვადასხვა სფეროში გამჭვირვალობის შესახებ, რაც სრულიად სხვა კონცეფციაა.