მიხარია ამ ორი პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილის გარეთ - გიგიაძე

პუბლიკა

დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიგი გიგიაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დღეს გათავისუფლების შესახებ წერს, რომ ეს პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვებამდე. ელჩი ულოცავს გათავისუფლებას ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.

„მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე, მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ერთმნიშვნელოვნად გამამართლებელი განაჩენით.

მით უმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე, როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილის გარეთ“, – წერს ის.

დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით გარეჯის საკითხზე კომისიის წევრების დააკავებასაც 2020 წლის 7 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოხატა მათ მიმართ.


ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა თითოს 20 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.