დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ფაქტზე შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიასა და მისი მოადგილის, კახა საბანაძის გამოკითხვას მოითხოვს.
ადვოკატმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი დღეს შეიტანა.
გარდა ამისა, ადვოკატი მოითხოვს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის – „ევროპული საქართველოს“ წევრების დაკითხვას, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე.
„გენერალურ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმიდან გამომდინარე, რადგან საქმეზე რამდენიმე დღის წინ ახალი გარემოება გამოიკვეთა, როცა პროკურატურამ გადაწყვიტა, ბრალი წაეყენებინა, დაეკავებინა გიორგი მენაბდე“, – ამბობს ადვოკატი.
მისივე თქმით, სამოხელეო დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებაა, რაც პირველ რიგში, პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ეხება, ასევე გამომძიებლებს – ნათელაშვილს, ჟამერაშვილს, ფიფიას, ხუფენიას, გახარიას, საბანაძეს. ადვოკატი დაკითხვამდე მოითხოვს, რომ ეს პროკურორები მათი მოვალეობის შესრულებას ჩამოცილდნენ.
„გახარია-საბანაძის გამოკითხვას ვითხოვ მოწმის სახით და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი ფორმულირების ბრალის წარდგენას. ასევე ვითხოვ, გამოძიების დაწყებას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, „ევროპული საქართველოს” წევრების – კაპანაძის, რატიანის, ბოკერიას, კახიძის მიმართ, რომელთაც მტკიცებულებების ფალსიფიცირება მოახდინეს. მათ მიზანმიმართულად ხელი დააფარეს ამ დანაშაულს”, – განაცხადა თოდუამ.