სარალიძის საქმე | გიორგი მენაბდეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა კლდიაშვილის გადაწყვეტილებით დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი მენაბდე 14 აპრილს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გიორგი ჯანაშიამ, მიხეილ კალანდიამ და გიორგი მენაბდემ ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად დავით სარალიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მენაბდეს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.