მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო პენიტენციური სამართალდამრღვევად ცნეს

პუბლიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაასრულა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების სოციალური ქსელის, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

უწყების ცნობით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გააჩნდა ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი, თუმცა მონაცემების დამუშავების კანონიერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვაც.

კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.

სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერებიდან – კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის გარეშე გამჟღავნებული შემდეგი ფაქტების საფუძველზე პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად:

  •  მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი ეპიზოდი (2022 წლის 9 აგვისტო);
  • ვიდეოთვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ინფორმირება;
  • სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით განხორციელებული ჩანაწერების განუსაზღვრელი ვადით შენახვა;
  • გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებისა და სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირების გარეშე ვიდეოთვალთვალის განხორციელება.

პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

სამსახურის ცნობით, სპეციალურ პენიტენციალურ სამსახურს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.