პენიტენციური სასჯელის გადავადებაზე სააკაშვილის პროცესის ერთი თვით გადადებას მოითხოვს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოდან არ გადაიყვანეს და არც დისტანციურად ჩართეს.

მოსამართლემ წაიკითხა პენიტენციური სამსახურიდან და საავადმყოფოდან მიღებული განმარტებები:

„ბატონი ნიკა აბრამიშვილის წერილია თავად, რომ, დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებული სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ეს ამ წერილის პირველი აბზაცია.

ასევე, წერილი, რომელიც ეს წუთია, მოიწერეს: 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა მოსამართლემ.

პენიტენციური სამსახურის უარი თავად სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა აბრამიშვილმა განმარტა:

„როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 9 დეკემბერს წარმოდგენილი იყო სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ სასამართლოდან გავიტანეთ მომდევნო სამუშაო დღეს, 12 დეკემბერს. შესაბამისად, ეს სამედიცინო დოკუმენტაცია საჭიროებს შესწავლას,  დამუშავებას და ამისთვის სამსახურს ესაჭიროება გონივრული ვადა, რომელიც არის ერთი თვე და სწორედ ეს ვადა ესაჭიროება სამსახურს, შეისწავლოს დოკუმენტაცია და სასამართლოს წარმოუდგინოს სრულყოფილი პოზიცია“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დაინტერესდა, რა არის მიზეზი, რის გამოც ვერ ჩაერთო საავადმყოფოდან მსჯავრდებული, რაზეც პენიტენციურის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება გამართვა, ამ ეტაპზე კი „ვივამედში“ შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები არ არის.

ადვოკატი ასევე დაინტერესდა, რატომაა საჭირო დოკუმენტების გასაცნობად ერთი თვე, რაზეც აბრამიშვილმა განმარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სამედიცინო ხასიათისაა, რომელსაც სპეციალისტებთან კონსულტაცია და შესწავლა სჭირდება, საამისოდ კი ერთი თვეა საჭირო.

მოსამართლის შეკითხვაზე, დოკუმენტაციის შესწავლის გარეშე მზად არიან თუ არა ექსპერტების გამოსაკითხად, აბრამიშვილმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილია დოკუმენტაციის შესწავლა, რათა ექსპერტებთან შესაბამისი შეკითხვები დაისვას.

პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლე დაეთანხმა ადვოკატის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დოკუმენტაციის შესასწავლად ერთი თვე დიდი დროა, რადგან ამ დოკუმენტთა უმეტესობა თავად პენიტენციური სამსახურის მიერ დაცვის მხარისთვის მიწოდებული ინფორმაციაა.

„თუ ჩვენ ვერ წავიწევთ წინ, მაინტერესებს, მომდევნო კვირას ან თვეს ან წელს რომ დავნიშნო ეს პროცესი, ამ ჩართვის საკითხს რამე ფორმით გადავწყვეტთ?“, – იკითხა მოსამართლემ, რაზეც პენიტენციურის ხელმძღვანელმა ტექნიკური პრობლემის მოგვარების პირობა დადო.

„რა ტექნიკის მოგვარების პრობლემაზე ვლაპარაკობთ? ტელეფონით შეგვიძლია ჩავრთოთ ის ადამიანი“, – განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.