მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად ორგანიზაცია ფუძნდება - ჩარკვიანი

პუბლიკა

„ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“. ჩვენ ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, დანგრეული, ჩაბნელებული საქართველოდან შექმნა სახელმწიფო და დააყენა ფეხზე“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად. ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანაა საქართველო. რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული სამართლებრივი სისტემა. დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ ნორმალური სამართლებრივი სისტემა. დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი. უნდა დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. ეს ანტიკონსტიტუციური ქმედება იყო. ის უნდა დაბრუნდეს. მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი. მან ეს უკვე დაამტკიცა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.