„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბელარუსის ლიდერს, პუტინის მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკოს მე-7 ვადით პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
ყაველაშვილის მისალოცი წერილი ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„მინდა, მოგილოცოთ ბელარუსის პრეზიდენტად არჩევა და წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი თანამშრომლობის და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის საყრდენი. იმედი მაქვს, რომ საქართველო-ბელარუსის ურთიერთობები განვითარდება ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, – ვკითხულობთ ყაველაშვილის მისალოც წერილში.
ლუკაშენკო ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ლიდერიდან, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს „ოცნების“ პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
26 იანვარს ბელარუსში მოჩვენებითი არჩევნები ჩატარდა. პუტინის ახლო მოკავშირე ლუკაშენკოს ოთხი ფორმალური მოწინააღმდეგე ჰყავდა. საარჩევნო კომისიის განცხადებით, აქტივობამ 81,5% შეადგინა და ხმის მიცემის უფლება 6,9 მილიონ ადამიანს ჰქონდა.
პროცესს არ აკვირდებოდნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები. ეუთომ (OSCE) 9 იანვარს განაცხადა, რომ ბელარუსის მთავრობამ ორგანიზაცია დამკვირვებლად არ მიიწვია და ამით ეუთოსთან დადებული ვალდებულებები დაარღვია.
არჩევნები ბელარუსში ბოლოს 2020 წელს ჩატარდა და ლუკაშენკო გამარჯვებულად ხმების 80%-ით გამოცხადდა.
შედეგების გასაპროტესტებლად მინსკში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა. ლუკაშენკოს რეჟიმმა საპროტესტო აქციები ძალადობრივად დაარბია და მოქალაქეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნა დაიწყო.
საპროტესტო აქციების ფარგლებში 65 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაიხურა და უკანონოდ გამოცხადდა ასობით დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია.