მიხვდით, ჰო, რაც ხდება? როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას - პაპუაშვილი

პუბლიკა

ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც შეთანხმება ახლოს არის, ოპოზიცია მაგიდების ატრიალებას იწყებს.

„უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ. ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად. არადა, როგორ ხელის გულზე დევს ყველაფერი… რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს. ასე იცის, ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ. გამოდით ბაბლიდან, გამოდით… გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო. ხალხს დაენახეთ და ხალხი დაინახეთ. ხუთი წუთი მაინც დაფიქრდით რამეზე ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზების ძიების გარდა”, — წერს პაპუაშვილი.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.