მიკროფონს დავაბრუნებ, როცა ესენი 3 ოქტომბერს სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია - წულუკიანი

პუბლიკა

„მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, როდესაც ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის” მიკროფონით ხელში სენაკის თეატრის სცენიდან განაცხადა. მას პოლიციის გამოძახებაზე ასეთი რეპლიკა ჰქონდა – „ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული”.

„ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას” გაუმარჯოს. მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ (ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული), როცა ესენი 3 ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი. როცა დამარცხდება ის ძალა, რომელიც დღემდე ეჭიდავება საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


წულუკიანმა გუშინ, 22 ივლისს „მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. შემდეგ კი facebook-ზე დაწერა, რომ მის დაბრუნებას არ აპირებს.

ჟურნალისტი ემა გოგოხია ამბობს, რომ თეატრის დარბაზში მყოფი მინისტრი შალვა პაპუაშვილის მხრიდან პარლამენტის დარბაზიდან თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა, ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა.

მოგვიანებით ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ წულუკიანმა ტელეკომპანიის კუთვნილ მიკროფონი წაართვა და აღარ აბრუნებდა.