ესაა აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც შემდგომში ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას იწვევს - ქარტია წულუკიანზე

პუბლიკა

„ესაა აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც შემდგომში ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას იწვევს”, – ასე აფასებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი მარიამ გოგოსაშვილი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის საქციელს. დღეს, 22 ივლისს წულუკიანმა „მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. როგორც მინისტრი facebook-ზე წერს, მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს.

„სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები მსგავსი ფორმით ახდენენ მედიასთან კომუნიკაციას. ესაა აგრესიული დამოკიდებულება, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და რომელიც იწვევს შემდგომში ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას”, – ამბობს გოგოსაშვილი „ფორმულასთან” საუბრისას.

„შესაძლებელია, რომ მინისტრის ეს ქმედება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს”, – ამ შეფასებას კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი აკეთებს.

„აქ მეორე საკითხია ის, რომ არ აპირებს მიკროფონის დაბრუნებას და არ ვიცით, საბოლოო ჯამში, დააბრუნებს თუ არა. სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ეს არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და შესაძლებელია, რომ მინისტრის ეს ქმედება დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს, როდესაც ის ამას ასე ღიად აკეთებს და არ აპირებს, რომ დააბრუნოს”, – ამბობს ის „ფორმულასთან”.

LB loan image desktop LB loan image mobile