„მთავარი არხი“ მიკროფონის დაბრუნებას პოლიციის მეშვეობით ცდილობს

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში თეატრის დარბაზში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ემა გოგოხიას, რომელიც კითხვას უსვამდა, მიკროფონი წაართვა.

წულუკიანმა „მთავარი არხის“ მიკროფონით ფოტო გადაიღო, შემდეგ კი Facebook-ზე დაწერა, რომ მიკროფონის დაბრუნებას აღარ აპირებდა და „ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ ამ მიკროფონით აუწყებს“ ხალხს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მოგვიანებით ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა და მათ მიმართა, რომ წულუკიანმა ტელეკომპანიის კუთვნილ მიკროფონი წაართვა და აღარ აბრუნებდა.

„მიკროფონი წამართვა ქალბატონმა მინისტრმა და ვითხოვ, იქნებ თქვენი ჩარევის შემდეგ შევძლო ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის დაბრუნება“, – მიმართა ემა გოგოხიამ თეატრის ტერიტორიაზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

თუმცა, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჯერჯერობით პოლიციას მათი კუთვნილი ნივთი არ დაუბრუნებია.


„მთავარი არხის” ჟურნალისტი, ემა გოგოხია ამბობს, რომ დარბაზში მყოფი მინისტრი შალვა პაპუაშვილის მხრიდან პარლამენტის დარბაზიდან თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა, ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა. გოგოხია ამბობს, რომ კითხვის დასმა და მიკროფონის დაბრუნება სცადა, თუმცა მინისტრი „ხუმრობაზე” გადავიდა, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი მისმა დაცვამ გარეთ გაიყვანა.