მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით, ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე აღმკვეთ ღონისძიებად შეეფარდა პატიმრობა, ბრალდების მხარის შუამდგომლობა იყო დასაბუთებული, კონკრეტულად მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ მიერ წარმოდგენილი იყო მასალები, რომლის საფუძველზეც დასტურდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით, იმის გათვალისუნებით რომ საქმეზე დანიშნულია ფსიქიატრული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაადგენს ხომ არ არის იგი საზოგადოებისთვის საშიში, აღნიშნული სასამართლომ გაითვალისწინება და მას შეუფარდა პატიმრობა“,- უთხრა საქმის პროკურორმა „რსუთავი 2-ს“.

მისივე თქმით, ბრალდებულმა მონაწილეობა მიიღო გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებში, გრძელდება გამოძიება, ჩასატარებელია რამდენიმე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და სწორედ ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ბრალდების წარდგენა.

გუშინ საქართველოს პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალი ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით წაუყენა.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს”, – წერს პროკურატურა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებულს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისას ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა.

„მოვდიოდი და რაც შემხვდებოდა, იქ ვაპირებდი გაჩერებასო. მას ჰქონდა ხელში ხელყუმბარის დიზაინის პატარა სანთებელა და პისტოლეტიც, მხოლოდ ხმოვანი. არავისზე არ უძალადია, არავის უხეშად არ მოპყრობია. მახსოვს თავიდან ბევრნი იყვნენ, ვინც მეუბნებოდა წავალო, მე არავის არ ვუკრძალავდიო“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ „TV პირველთან“.

ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა,  ლევან ზურაბაშვილი მოთხოვდა:

„აიკრძალოს ყველა აკრძალული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება, რომ წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში. მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებდა ის.