მილენიუმი: კაბელები, მილები გადახლართული იყო, მერიამ არ იცოდა, რა ხდებოდა გზის საფარქვეშ

პუბლიკა

კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპი” ერთ-ერთია იმ 2 კომპანიიდან, რომელიც თბილისის მერიამ არასათანადო მუშაობაში დაადანაშაულა და წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გაფორმებული ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერიის განცხადებით, კომპანია დადგენილ ვადებს ჩამორჩა.

მილენიუმ ბილდერს გრუპის” ტენდერების მენეჯერი, ვახტანგ ჯალიაშვილიფორმულასთან” ამბობს, რომ კომპანიებს ადგილზე მათ მოსალოდნელზე ბევრად მეტი სირთულე დახვდათ.

კერძოდ:

ჯალიაშვილის განცხადებით, როცა „მილენიუმ ბილდერს გრუპმა” მერიასთან ხელშეკრულება გააფორმა, დოკუმენტში თავიდანვე ჩაიწერა, რომ უნდა მომხდარიყო სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტება ტექნიკური ნახაზების საბოლოო ფორმატში მოყვანა. „ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” სამუშაოებს მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდნენ.

„უბედურება მდგომარეობდა იმაში, რომ როცა ჩვენ სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება დავიწყეთ, არ არსებობდა ზუსტი მონაცემები იმაზე, თუ რა კაბელი, რა მაგისტრალური მილი, რა საკომუნიკაციო საშუალება გადიოდა წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომ, მოგვიწია ბრმად, რეალურ დროში დავალების შესრულება, რამაც გამოიწვია რამდენიმე ტექნიკური შეფერხება.

კერძოდ, როცა ნახაზების მიხედვით მუშაობა დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ კაბელები, მილები, საკომუნიკაციო საშუალებები ერთმანეთში ისე იყო გადახლართული, რომ დავალების შესრულება შეუძლებელი იყო, თუ არ მოხდებოდა ძველი სისტემების დემონტაჟი და ახალი სისტემების გამართვა”. – ამბობს ვახტანგ ჯალიაშვილი.

მისი თქმით, თბილისის მერიასთან ამასთან დაკავშირებით მჭირდო კომუნიკაცია ჰქონდათ – უწყებას წერილებს ფოტომასალასთან ერთად უგზავნიდნენ. ჯალიაშვილი ყვება, რომ მერიისგან დაზუსტებულ მონაცემებს მუდმივად ითხოვდნენ.

„მოგეხსენებათ, მეტროს ხაზის გადის. ექსკავატორის ერთი-ორი უხეში მოქნევა და შეიძლება, რამე ფლიგელი ჩამოიშალოს. ამიტომ, ნელა ვმუშაობდით, რომ კოლაფსი არ მომხდარიყო. პარალელურად მიდიოდა მიწისქვეშა კომუნიკაციების რეალბილიტაცია“. – თქვა ვახტანგ ჯალიაშვილმა.

ყველაზე პრობლემური წყალსადენის ძველი მილების გამოცვლა იყო. ჯალიაშვილი ამბობს, რომ „მილენიუმ ბილდერს გრუპს” და „ერ ტე დეს” მოუწიათ, წყლის კომპანიის მუშაობის ტემპს აჰყოლოდნენ.

რაც შეეხება მერიის განცხადებას, რომ ამ კომპანიების შესრულებული სამუშაო უხარისხოც იყო – ვახტანგ ჯალიაშვილი ბრალდებას არ ეთანხმება.

მისივე თქმით, მერიის გადაწყვეტილება არასამართლიანია. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია კი მათ პირდაპირ ტენდერების საიტიდან გაიგეთ – მათთან არ ყოფილა სხვა კომუნიკაცია.

ამასთან, ვახტანგ ჯალიაშვილი ამბობს, რომ კომპანია გაივლის იურიდიულ კონსულტაციას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო დავასთან დაკავშირებით. 

გუშინ, 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან – „მილენიუმ ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” ხელშეკრულებები გაწყვიტა. 

მერიამ გამარტივებული წესით შესყიდვა გუშინვე გამოაცხადა, დღეს, 17 იანვარს კი გამარჯვებულებიც გამოავლინა. ისინი არიან:

სამუშაოებს ჩაატარებს 4 კომპანია. 17.5 მილიონი ლარი მათზე ასე გადანაწილდება:

  • “ბლექ სი გრუპი” — 4 მილიონი ლარი;
  • “პარმა” — 5.6 მილიონი ლარი;
  • “ენკო” — 3.5 მილიონი ლარი;
  • “ჯეუ გრუპი” — 4.4 მილიონი ლარი.

სამუშაოების დასრულების ვადად 31 იანვარია დადგენილი.