მინდა, ამ დარბაზიდან მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას - სამადაშვილი

პუბლიკა

„პირველ რიგში მინდა, რომ ამ დარბაზიდან მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა”, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციური დეპუტატების პარლამენტში შესვლით პოლიტიკური კრიზისი დასრულებული არ არის.

„დღეს ჩვენი ამ დარბაზში ყოფნა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა „ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შედეგად, რომ ჯებირები შეექმნა დემოკრატიული პროცესისთვის, და როგორც სენატორმა შაჰინმა გითხრათ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩაეტარებინა არჩევნები, ეს კრიზისი არ არის დასრულებული.

ეს კრიზისი არ არის დასრულებული, სანამ სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო. ამიტომ, მე პირველ რიგში მინდა, რომ ამ დარბაზიდან მივესალმო პოლიტპატიმარ ნიკა მელიას და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას. და გამოვთქვა იმედი, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, დავხუროთ პოლიტიკური დევნის თემა, რაც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს შეთანხმება, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, გახდეს მართლაც ნაბიჯი წინ, რომ  ქვეყანაში დავასრულოთ პოლარიზაცია, დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი და მოვემზადოთ ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი ვამდამდელი საპარლამენტო არჩევნები დაასრულებს საბოლოოდ  პოლიტიკურ კრიზისს და გზას გაუხსნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს”, – განაცხადა სამადაშვილმა.