პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები მიდიან

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატები მიდიან. ისინი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას დაესწრებიან.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში 2 ბლოკიდან და 7 პარტიიდან 150 დეპუტატია არჩეული, მათგან 60 არის ოპოზიციონერი, თუმცა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსისა“ და „მოქალაქეების“ ჯამში 6 დეპუტატი მუშაობდა. დანარჩენი ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და საკანონმდებლო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებდა.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში ევროკავშირის წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩაერთვნენ, შემუშავდა დოკუმენტი, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა, ამ ეტაპზე, 17-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა. ხელმომწერებს შორის არ არიან „ევროპული საქართველოს“ სიიდან გასული ტარიელ ნაკაიძე და ელენე ხოშტარია, რომელმაც პარტიიდან წასვლის შემდეგ უარი თქვა მანდატზე; შალვა ნათელაშვილი; თაკო ჩარკვიანი, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი იყო და „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ბლოკიდან დეპუტატთა უმრავლესობა.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში დაიწყებს საქმიანობას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ შეიწყალებს გიორგი რურუას. გარდა ამისა, პარლამენტში დაინიცირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პირების, მათ შორის, ნიკა მელიას ამნისტიას გაითვალისწინებს.

ამნისტიის აქტს კითხვის ნიშნები მოჰყვა. თავად ნიკა მელია და 20 ივნისს დაზარალებულები აპროტესტებენ მას და აცხადებენ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების ბრალდებისგან გათავისუფლება.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ამნისტიის აქტს აპროტესტებენ, დეპუტატებს პარლამენტთან შეძახილებითა და საპროტესტო ბანერებით დახვდნენ. ისინი მოუწოდებენ ოპოზიციონერებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს.