კანონის ინიცირება, შეწყალების აქტი, პარლამენტში მისვლა - რა იგეგმება 27 აპრილს

პუბლიკა

პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მედიასთან ისაუბრა პროცედურებზე, რომელთა მეშვეობითაც ნიკა მელია და გიორგი რურუა გათავისუფლდებიან. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა სწორედ პროცედურის შეთანხმების მიზნით გაიმართა.

„ბატონი გვარამიასთვის და მათთვის, ვისაც ეგონა, რომ საქეიფოდ აქ მოსულები, მინდა გავაცნო პროცედურა, რომელზეც შევთანხმდით ბოლო შეხვედრის დროს ბატონი შარლ მიშელის თანდასწრებით. ამ პროცედურით ორივე პოლიტიკური პატიმარი განთავისუფლდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით სამშაბათს, 27 აპრილს დეპუტატები პარლამენტში მივლენ და დაარეგისტრირებენ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ.

„როგორც კი ეს კანონი რეგისტრირდება, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ იქნება შეწყალების აქტი მიღებული. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შეწყალების აქტით რურუა განთავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც დღეს ადამიანები პასუხისგებაში მიცემულნი არიან 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მათ შორის ეს ეხება მელიას, თამლიანს და ა.შ. ადამიანებს, რომლებიც არიან პასუხისგებაში მიცემული“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ პროცედურული საკითხებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება კანონის მიღება, რათა განთავისუფლდეს მელია საპატიმრო დაწესებულებიდან, ხოლო რურუას გათავისუფლებას სამშაბათს იგეგმება.

„ერთ კვირაში სამი მოსმენით კანონი ვერ მიიღება ფიზიკურად პარლამენტში, რეალისტურად რომ შევხედოთ, რაც არის მაქსიმალურად სწრაფი ვადა, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად იქნება 3 პლენალური სესია და 3 საკომიტეტო მოსმენა. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძისგან პარტიების წარმომადგენლებმა მიიღეს პირობა, რომ მაქსმალურად მოკლე ვადაში მოხდება კანონის მიღება.

გიორგი ვაშაძეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, იგეგმება თუ არა პოლიციელების შეწყალებაც:

„ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ, მაგრამ ამაზე ღად და გულწრფელად გეუბნებით – დამნაშავე არის არა პოლიციელი, რომელმაც კონკრეტული ქმედება ჩაიდინა, არამედ ადამიანი, რომელმაც ის დავალება გასცა. ეს უკანონო ქმედება. შეეხება მხოლოდ იმ ადამიაბეს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და რომელთა მიმართაც ვიცით კონკრეტულად მუხლი“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ არიან მიცემული.

„ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, გაგრძელებული კიდევ ბევრი ადამიანით – ეს მათ არ შეეხებათ. ვერ შეეხება. ამაზეც შევთანხმდით დღეს“, – განაცხადა ვაშაძემ.