მინდა გამოვთქვა წუხილი, რომ არის ასეთი პოლარიზაცია, რომელსაც სდევს მწვავე რიტორიკა - ჰარცელი

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, კარლ ჰარცელი  თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საარჩევნო უბნებს აკვირდება. ამის შესახებ განცხადება მან გუშინაც გააკეთა, რომ აპირებდა დამკვირვებლად სხვადასხვა უბანზე მისვლას.

დღეს კარლ ჰარცელმა 23-ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანთან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„არჩევნების დროს არა უმრავლესობა წყვეტს, რა უნდა გააკეთოს ქვეყანაში, არამედ ის, ვინც მოვა არჩევნებზე და ხმას მისცემს კანდიდატს. ამიტომ მე მოვუწოდებ ამომრჩეველს, მოვიდეს და ხმა მისცეს. მე ვუსურვებ ყველა ამომრჩეველს, რომ შეძლონ არჩევანის გაკეთება მშვიდ და მშვიდობიან გარემოში, ასევე მედიის წარმომადგენლებს, რომ იმუშაოთ მშვიდ გარემოში და მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ საარჩევნო სისტემაში.

ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი გაუმჯობესებს. ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, რომ ეს პროცესი იყოს სანდო. ამასთან მინდა აღვნიშნო წუხილი, რომ არის  ასეთი პოლარიზაცია, რომელსაც სდევს მწვავე რიტორიკა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური  5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.