„მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და სტრასბურგის სასამართლოს იურისტმა, მკაცრად და პრინციპულად დავგმო მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა სიურპრიზის ფორმა”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ის ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ეს გადაწყვეტილება, რადგან ქვეყნის მართლმსაჯულება განვითარების სწორ გზას ადგას და ძალიან დიდი წარმატებები აქვს როგორც მიუკერძოებლობის, ასევე დამოუკიდებლობის კუთხით.
„მინდა, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტმა, რაც გულისხმობს, დაახლოებით 20-წლიან გამოცდილებას, მკაცრად, ხმამაღლა და პრინციპულად დავგმო ჩვენი მეგობრის, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მიუღებელი, მით უმეტეს, რომ ამას ჰქონდა, როგორც ირკვევა, სიურპრიზის ფორმა.
პარტნიორები, მეგობრები ასე ალბათ არ იქცევიან, თუმცა მეგობრობაშიც, პარტნიორობაშიც ხდება ხოლმე, როდესაც არის გარკვეული გაუგებრობა. ამ მეგობრობას და პარტნიორობას იმდენად დიდი ფესვები და ტრადიცია აქვს, რომ ამგვარი ტიპის გაუგებრობები მას ვერაფერს დააკლებს, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც წარმოვადგენთ ქართველ ერს ხელისუფლებაში, დავგმოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის დაუშვებელი აქტი სანქცირების სახით.
ჩვენ ვითხოვთ წესებით თამაშს, განსაკუთრებით, როდესაც მეგობრებს და პარტნიორებს ეხება საქმე. მაგალითისთვის, ვითხოვთ, რომ ევროკავშირი მოგვექცეს სამართლიანად, ვინაიდან უსამართლო იყო ქართველი ერისთვის – და არა რომელიმე ხელისუფლებისთვის – ის გადაწყვეტილება, რაც ბრიუსელმა მიიღო”, – თქვა მან.
თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ დაუშვებლად მიაჩნია სანქცირებაზე აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები.
5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.