„მინდა, საზოგადოება გაერთიანდეს და პასუხი გასცეს შეურაცხყოფას" - კინწურაშვილი რუსულ კანონზე

პუბლიკა

მსახიობი კახა კინწურაშვილი რუსული კანონის ხელახლა ინიციირებაზე აღნიშნავს, რომ მთავრობამ ამით ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ მან „პუბლიკასთან” რუსული კანონის საწინააღმდეგოდ მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.

„გამომიყვანა იმან, რომ ამდენი წლის შემდეგ ახლა მაინც მინდა, რომ ჩვენი საზოგადოება გაერთიანდეს და პასუხი გასცეს შეურაცხყოფას, რომელიც მთავრობა მიაყენა ხალხს. თავისი ამ კანონის ხელახლა ინიციირებით.

იმიტომ, რომ მთავრობის წევრები მოითხოვენ არგუმენტებს კანონთან დაკავშირებით. იმაზე მეტი არგუმენტი რა უნდა იყოს, რომ დაიდო პირობა და მერე ეს პირობა გატყდა, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. აქ არის მთავარი ის, რომ არ უნდა დაიშვას შეურაცხყოფა და ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

ყველა თავის საქმეს აკეთებს, ხომ ამბობენ პოლიტიკოსები, რომ ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ჰოდა, ყველა თავის საქმეს აკეთებს, თავის საქმეს აკეთებს პროფესიულად და საქმეს აკეთებს როგორც მოქალაქე”, – აღნიშნა მან.

საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვა დაიწყო.

პარალელურად, გარეთ მიმდინარეობს აქცია, სადაც შეკრებილები არიან მედიის წარმომადგენლებიც. მათ თან აქვთ ბანერები „არა რუსულ კანონს“ და უმრავლესობის წევრებს პროექტის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული კანონის განხილვის დროს, „უსაფრთხოების” მოტივით, შეეზღუდა ვიზიტორთა რაოდენობა, რის გამოც დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ დაიშვებიან ონლაინმედიის აკრედიტებული ჟურნალისტები.