მინეაპოლისში კონტროლის დასამყარებლად შეიარაღებული ძალების გაგზავნისთვის მზად ვარ - ტრამპი

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ქალაქში კონტროლის დასამყარებლად მზადაა, მინეაპოლისში შეიარაღებული ძალები გაგზავნოს. ტრამპმა Twitter-ზე მინეაპოლისის მერი გააკრიტიკა ქალაქში განვითარებული მოვლენების გამო და განაცხადა, რომ სამხედრო დახმარებას გუბერნატორი ნებისმიერი საჭიროებისთვის გამოიყენებს.

„არ შემიძლია, ვიდგე და ვუყურო იმას, რაც დიდ ამერიკულ ქალაქ მინეაპოლისში ხდება. მართვის უუნარობა. ან ეს ძალიან სუსტი რადიკალი მემარცხენე მერი ჯეიკობ ფრეი იმოქმედებს და დაამყარებს კონტროლს, ან გამოვგზავნი შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც მოთოკავენ კრიმინალებს, ჯორჯ ფლოიდის სახელს რომ შეურაცხყოფენ და მე ამას აღარ დავუშვებ.

ველაპარაკე გუბერნატორ ტიმ ვალსს და ვუთხარი, რომ შეიარაღებული ძალები მას ყველაფერში დაეხმარებიან. სირთულეებს გადავლახავთ და კონტროლს დავამყარებთ, თუმცა იწყება ძარცვა და იწყება სროლაც“, – წერს ტრამპი Twitter-ზე.

მინესოტის შტატში, ქალაქ მინეაპოლისში პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ორი დღეზე მეტია გრძელდება. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქის დაკავებისას პოლიციელის მხრიდან ძალადობის შემდეგ, უიარაღო მოქალაქე დაიღუპა. დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი კაცი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.