„მინიმუმ 8 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა“ – ნინო ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) პარალელური დათვლის შედეგების თანახმად, საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა დისბალანსი, საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენი და აღნიშნულ შედეგებს შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონდეს არჩევნების საერთო შედეგებზე, 4.1%-ის  ფარგლებში. მისი თქმით, მინიმუმ, 8 წლის განმავლობაში მსგავსი რამ არ მომხდარა.

„საყურადღებოა, აგრეთვე, ისიც, რომ ისფედის მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები (რაც უბნებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით დგება), ამ დროისთვის ცდომილების ფარგლებშიც არ ემთხვევა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს. მინიმუმ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ასეთი რამ არ მომხდარა. სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობენ, აგრეთვე, იმაზე, რომ შემაჯამებელი ოქმების გადაცემა დამკვირვებლებისთვის მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა“, – წერს ის facebook-გვერდზე.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით დამაჯერებელი პასუხები გასცეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემებს.

„მე, როგორც სახალხო დამცველი, რომლის კონსტიტუციურ ვალდებულებასაც წარმოადგენს ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვის ზედამხედველობა, მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს, სამართლიანად და გამჭვირვალედ განიხილოს და გადაწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითხები“, – თქვა ლომჯარიამ.