„მინისტრების წასვლამ გამორიცხა დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა“- გოლეთიანი

პუბლიკა

ქუთაისში ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის, დარგის ექსპერტებისა და მინისტრების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სიტყვით გამოსვლისა და მედიასთან განცხადებების შემდეგ დატოვეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა,  ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მყოფი ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ მინისტრების წასვლამ გამორიცხა დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა. მისი თქმით, ისინი შეხვედრაზე მინისტრებთან სასაუბროდ და მათთვის კითხვების დასასმელად ჩამოვიდნენ.

„ახლა თქვეს, ნათია თურნავა წავიდაო, ამან, ფაქტობრივად, გამორიცხა ჩვენი დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა. პირდაპირ მინდა ვთქვა, ბევრი წელია, ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ კითხვებს ვსვამთ და ეს მუდმივი უფსკრული, რაც არსებობს ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. ამ უფსკრულმა გამოიწვია სწორედ ეს პროტესტი, რაც მოხდა ბოლო პერიოდში. ამ პროტესტებმა გამოიწვია კიდევ ჩვენი დღეს ამ შეხვედრაზე ყოფნა. თითქოს უნდა შექმნილიყო პრეცენდენტი იმისა, რომ ეს ხალხი რაღაცაზე ან თავს იმართლებდა ან რამეს იტყოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ დატოვეს და წავიდნენ.

კიდევ ეთხელ ვამბობთ – ჩვენ გვქონდა შეთანხმება მათთან საუბრისა და დიალოგის წარმართვის. ჩვენ არ გვქონია სხვა თანმდევ ადამიანებთან, კომპანიებსა თუ მათ წარმომადგენლებთან დიალოგის  სურვილიც კი. ჩვენ გვქონდა მინისტრებთან  საუბრის სურვილი და ამაზე შევთანხმდით“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

როგორც ის ამბობს, ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ სურს საკითხის მართლაც ცივილიზებული გზებით გადაწყვეტა და მათმა წასვლამ ეს დაადასტურა.

შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შეკრებილ საზოგადოებას რამდენიმე სიახლის შესახებ აცნობა. მოკლე კომენტარი გააკეთა გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც. შემდეგ ისინი მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად გავიდნენ ოთახიდან და უკან შეხვედრაზე აღარ დაბრუნებულან. მოსახლეობასთან შეხვედრაზე სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” წარმომადგენლები დარჩნენ.

LB loan image desktop LB loan image mobile