მინისტრებს „პატარა გოგო“, „გოგოცუნა“ არ შეშვენით, შეგიძლიათ, სახელით მოიხსენიოთ - ნაცვლიშვილი კახაძეს

პუბლიკა

პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, მთავრობას კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების მისაღებად უფლებამოსილება 2023 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

კანონპროექტის განხილვის დროს სხდომაზე დებატები იყო. ოპოზიცია ინიციატივას აკრიტიკებს.

მწვავე დაპირისპირება იყო დეპუტატ ანა ნაცვლიშვილსა და მომხსენებელ ლადო კახაძეს შორის.

„ლელოს“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს მთავრობას მისი უფლებამოსილების გახანგრძლივებაზე და რატომ აყენებს ამ ინიციატივას პარლამენტის 5 დეპუტატი; განხორციელდა თუ არა საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობის საქმიანობაზე და არსებობს თუ არა მონიტორინგის დასკვნა; ნაცვლიშვილს ასევე აინტერესებდა კახაძის შეფასება ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობასა და მისი გადადგომის შესახებ.

ლადო კახაძემ თქვა, რომ პოლიტიკურ შეკითხვებს პასუხს არ გასცემს. მან ნაცვლიშვილს მიმართა, რომ ამ ტრიბუნას პოლიტიკური წონის ასამაღლებლად იყენებს და მას შეუძლია, ისაუბროს, როგორ არ მოსწონს ჯანდაცვის მინისტრი, მთავრობა და როგორ ელოდება სისტემის ჩამოშლას.

კახაძის თქმით, ვირუსის 5 ტალღის შემდეგ სისტემა არ ჩამოიშალა და „ექიმების, ექთნების, სანიტრების მეოხებით“ მყარად დგას. კახაძემ ასევე მთავრობის მუშაობა შეაქო და განაცხადა, რომ მთავრობა ვირუსს ისე მართავს, რომ ჩვენი გამოცდილება „მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ წაიღო – კოვიდსასტუმროები“.

„გთხოვთ, ყველა ვიდგეთ ერთ მხარეს და ვირუსი დავაყენოთ მეორე მხარეს. ვინც ასე არ მოიქცევით, გინდაც იმ პოლიტიკური კითხვებით უდროო დროს, არასწორ კაცთან.. იცით, რომ მე ყოველთვის გიპასუხებთ ისე, რომ სამედიცინო კუთხით დანახული თვალით, მამის და ბაბუის თვალით დანახული თვალით, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედული თვალით ვერასდროს მაჯობებს. მე სწორი ვარ და იმიტომ“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

დეპუტატმა ლადო კახაძემ ეკატერინე ტიკარაძეზეც ისაუბრა.

„ეს ის მინისტრია, ჩვენ ვაქცინაციის პროგრამა რომ დავიწყეთ, პატარა გოგოს, ანგელოზივით გოგოს მეგი ბაქრაძეს ,რომელმაც უკვდავების ძეგლი დაიდგა, აიცრა და რაღაც გარემოებამ ეს ასული… როგორ წამოენთო ის ფრთა, არ მინდა კიდევ პოლიტიკურად შეურაცხყოფა მოგაყენოთ, კლავსო ვაქცინაო და საქართველოს ხელისუფლება კლავს თავის მოსახლეს, იყო ასეთიც. იმ წუთას, ზუსტად ერთი საათის მერე ზუსტად იმ ასაკის ასული იყო მინისტრი, გამოვიდა და სახალხოდ ვაქცინაცია გაიკეთა“, – თქვა კახაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის ტრიბუნიდან კომიტეტის სახელით ლაპარაკობს, ექიმების სახელით ლაპარაკობს, შვილების და შვილიშვილების, მეგობრების, ქართველთა, ჩვენს ქვეყანაში დასახლებულთა სიყვარულით ლაპარაკობს, და ყველას მოუწოდებს, აიცრას.

ლადო კახაძის გამოსვლას ანა ნაცვლიშვილის რეპლიკა მოჰყვა:

„ბატონი ლადო, მინდა, ძალიან გთხოვოთ თქვენც და ყველა კოლეგას, რომელიმე მამაკაც მინისტრს ასე არ მოიხსენიებდით, პატარა ბიჭიო, ამიტომ მინისტრებს „პატარა გოგო“, „გოგოცუნა“ ასეთი რამე არ შეშვენით, შეგიძლიათ სახელითა და გვარით მოიხსენიოთ.

არ არის პარლამენტის ტრიბუნა მსგავსი განცხადებების გასაკეთებელი ადგილი. ატარა გოგოები ჩვენ არ ვართ და არც თქვენ ხართ პატარა ბიჭები. ეს სწორი არ არის. მას აქვს სახელი, გვარი, შესაბამისი სტატუსი და ამით მოხსენიება საკმარისია. მართალია, ეკატერინე ტიკარაძე ჩემგან განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციაზეა, მაგრამ ამ ნაწილში ყოველთვის, ყველა ქალ მინისტრს დავიცავ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა კახაძეს მიმართა, რომ დასვა კონკრეტული შეკითხვები და თუ პასუხები არ აქვს, პირდაპირ თქვას.

„თქვით, რომ არ გაქვთ პასუხები, მონიტორინგი განხორციელდა 0 და რომ წინა ჯერზე, როცა კანონი გამოიტანეთ და თქვით, რომ მონიტორინგი განხორციელდებოდა, ან მაშინ ტყუოდით ან ახლა ტყუით ან ორივე ერთად“, – თქვა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის საპასუხოდ ლადო კახაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ დეპუტატს ფილმი „ჯარისკაცის მამა“ ნანახი არ აქვს. მისი თქმით, ადამიანებს შეურაცხყოფას არ მიაყენებს.

„თქვენ პატარა ხართ ასაკით და მითხარით, ტყუიხართო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო ჩემი ასაკის ადამიანს? ეს თქვენს გაზრდილობაზე და ოჯახიშვილობაზე მეტყველებს. არ მინდა, ოჯახს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ყველა შვილი ოჯახის მშვენი არ არის.

„ჯარისკაცის მამა“ გითხარით , არ გექნებათ ნანახი… ეს ფილმი უნდა აეკრძალათ ჯარისკაცის მამის ქმედების გამო, რომელიც ჯარისკაცს ხელს ურტყამს და აგდებს მიწაზე და რომ მიმართავს ჯარისკაცებს, შვილოთი მიმართავს… თქვენ აქ ჩემი შვილების თაობა ხართ და ჩემს ასაკში ადამიანს შეშვენის ზოგიერთი შვილებად მოგიხსენიოთ. ამით თქვენ ჩემსა და ტიკარაძეს შორის შუღლს ვერ გააჩენთ მე ის ყოველთვის პატივისცემით მყავს მოხსენიებული და მხარდაჭერილი“, – განაცხადა კახაძემ.