მინისტრი: ამ კანონის ევროინტეგრაციასთან დაკავშირება სწორი მიდგომა არაა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ რუსული კანონის დაკავშირება საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნასთან სწორი მიდგომა არაა.

ეს კომენტარი ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩის საპასუხოდ გააკეთა.

„არ მომისმენია ევროკავშირის ელჩის განცხადება, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ კანონის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირება სწორი მიდგომა არ არის. ევროკავშირში ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმების დღის წესრიგთან, რომლებზეც შევთანხმდით და გვაქვს რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ამ პროცესს მივყვებით, პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა ვალდებულებას, რომელიც ავიღეთ და ამას შევასრულებთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ რადგან ეს კანონი არის შეუთავსებელი ევროპულ ღირებულებებთან, ევროკომისიისთვის იქნება რთული დადებითი შეფასების გაკეთება.

ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მოიძებნება სხვა ისეთი გზა, რომელიც არ გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზებასა და სტიგმატიზებას.