„საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება (არა მხოლოდ ახლა, ზოგადად, ასეთია ქვეყნის სტატისტიკა) 700-მდე ფილტვების ანთების დიაგნოზი, რა თქმა უნდა, არასდროს არ კეთდება და არ ითვლება საჭიროდ, რომ ეს ტესტირება ჩატარდეს შესვლიდან პირველივე დღეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულელ პაციენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა. კერძოდ, იმის გამო, რომ ის ფილტვების მწვავე ანთებით შევიდა კლინიკაში, რატომ არ გაუკეთეს ტესტირება დაუყოვნებლივ.
„თუმცა ექიმების მოთხოვნიდან მეორე დღეს, ჩვენი ეპიდემოილოგების მიერ იქნა ჩატარებული გამოკვლევა და დადასტურდა კორონავირუსი. და პაციენტი გადმოიყვანეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. იმ პერიოდში, როდესაც ეჭვი იყო აღებული, ჩვენი ექიმის მიერ დაცული იყო უსაფრთხოება და პაციენტი იმყოფებოდა იზოლაციაში”, – განაცხადა ტიკარაძემ.
აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ „პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა ტესტირება”.
კითხვაზე – რატომ არ უკეთდება ყველა საეჭვო სიმპტომის მქონე პაციენტს ტესტი, და რატომ ხდება შერჩევა, იმის მიხედვით ჰქონდა თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულთან? – მინისტრი პასუხობს:
„ჩვენს ხელთ არსებული ტექსტები ავლენს დაავადებას სიმპტომის გამოვლენიდან ან დაავადების მერვე დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის რომ პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა პირველივე დღეს. ხოლო ის ტესტები რომელიც ხვალიდან იქნება საქართველოში,,ვირუსის გამოვლენას მოახდენს პირველი და მეორე დღის სიზუსტით”, – ამბობს ტიკარაძე.
მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების წყაროს დადგენა კი, პრემიერის თქმით, ვერ მოხერხდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სავარაუდოდ, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების – წლისთავის დროს.