ექიმი მარნეულიდან გადმოყვანილ პაციენტზე - მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს

პუბლიკა

საუნივერსტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილი შუახნის ქალის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, თუმცა სასიცოცხლო პარამეტრებს მკურნალობის შედეგად ექიმები ინარჩუნებენ.

“ჩვენს კლინიკაში 6 ინფიცირებულია. ერთი ინფიცირებული ქალბატონია, რომელიც მარნეულიდან არის გადმოყვანილი. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის კრიტიკულია, ვინაიდან დატვირთულია სხვადასხვა ანამნეზით. მოგეხსენებათ, რომ ჯანმოს მონაცემებით ასეთი ადამიანები მიეკუთვნება კლასს, რომელებსაც აქვთ მაღალი გართულება მაღალი ლეტალური გამოსვლით. შემოყვანისას უკიდურესად მძიმე იყო და ჩატარებული მკურნალობის შედეგად მეტ-ნაკლებად სტაბილურია, რადგან ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის თქმით, დანარჩენი პაციენტების ზოგადი მონაცემები  მძიმეა, რადგან კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის მიხედვით ყველა მათგანთან დასტურდება მწვავე პნევმონია დაბურული ფილტვის სინდრომით.

“თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპამდე მათი მდგომარეობა არის მძიმე, საყურადღებო, მაგრამ მართვადი. რამდენიმე ქალბატონს, რომელიც ჩვენს კლინიკაში არიან მოთავსებული, სომატურად დამძიმებული გულ- სისხლძარღვთა პათოლოგიები აღენიშნებათ”, – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, ქალი, რომელიც გუშინ გადმოიყვანეს მარნეულიდან, როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა,  კლინიკაში 18 მარტს შევიდა, სადაც პირველივე დღეს მწვავე პნევმონია დაუდასტურდა.

“COVID-19-თან ინფიცირების კავშირი არ იყო წარმოდგენილი დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების გამო ეჭვი იქნა მიტანილი, ჩატარდა ტესტირება, დადასტურდა COVID-19. გართულდა პაციენტის მდგომარეობა და გადაყვანილ იქნა აპარატზე”, – განაცხადა რატიანმა.

ჟურნალისტის კითხვას – ჩატარდა თუ არა დაგვიანებულად პაციენტის ტესტირება? – უპასუხა: “პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა ტესტირება. რაც შეეხება ვის უნდა მიეყვანა? თავის თავს ან ოჯახს. თუ აღმოაჩინა ერთ-ერთი სიმპტომი – ტემპერატურული რეაქცია, სუნთქვის გაძნელება, ასეთმა პაციენტებმა უნდა მიმართონ კლინიკებს”, – განაცხადა რატიანმა.