ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი ეხმაურება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში.
ICOM-ის განცხადებით, აღნიშნულ ბრძანებაში მოცემული ერთ-ერთი ცვლილება გულისხმობს გამკაცრებულ კონტროლს სამუზეუმო ფონდებში დაშვებაზე კვლევითი საქმიანობის მიზნით. სამუზეუმო კოლექციებზე წვდომის გამკაცრებული წესი ეხება არა მხოლოდ დაინტერესებულ საზოგადოებას, არამედ – მუზეუმში დასაქმებულ სამეცნიერო პერსონალსაც.
მათი შეფასებით, აღნიშნული ცვლილების შინაარსი ყოვლად მიუღებელია და წინააღმდეგობაში მოდის მუზეუმის თანამედროვე განსაზღვრებასა და მისიასთან, იყოს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე. ამასთანავე, ის მუზეუმის სფეროს წარმომადგენლებს უზღუდავს პროფესიული ვალდებულებების შესრულების უფლებას.
„ზემოთ ხსენებული ცვლილებით, ირღვევა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) სამუზეუმო ეთიკის კოდექსის არაერთი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მუზეუმებს აქვთ პასუხისმგებლობა მათში დაცული კოლექციები ფართოდ ხელმისაწვდომი გახადონ კვლევისა და განათლებისთვის, ასევე – ვალდებულება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ. კერძოდ: პრინციპი II – 2.18, პრინციპი III – 3.2, 3.9, პრინციპი VIII – 8.3, 8.4.
ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სამუზეუმო სფეროში ცვლილებების განხორციელებისას, იხელმძღვანელოს პროფესიული სტანდარტებით და საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ აღიარებული ICOM-ის სამუზეუმო ეთიკის კოდექსით”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე;