მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ფოტოზე საკუთარი სახლის წინ ზის | სამინისტრო

პუბლიკა

სამოქალაქო საარჩევნო კომისია ავრცელებს ფოტომასალას, რომელზეც, მათი ინფორმაციით, ასახულია ქუთაისის ოლქის 95-ე უბანთან მყოფი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია. ორგანიზაციის ინფორმაციით. მინისტრის მოადგილე ფულს არიგებს და ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ის საკუთარი სახლის წინ მამასთან ერთად ზის.

მინისტრის მოადგილის მიერ ფულის დარიგების შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძეც.

ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანს პირადად მეთვალყურეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კობა გაბუნია. ქუთაისის მერობის კანდიდატის მტკიცებით, კობა გაბუნია „შემჩნეულია ფინანსური რესურსის მობილიზებასა და თანხის დარიგებაში“

„მინისტრის მოადგილეს, ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა არა მხოლოდ 124-ე უბანი, არამედ – არჩევნების მეთვალყურეობა. მე მინდა ვუთხრა მას, მინისტრის მოადგილეს, ის, რასაც თქვენ აკეთებთ, არის სისხლის სამართლის დანაშაული და მოგიწოდებთ და, მათ შორის, მოვუწოდებ ყველა შესაბამის უწყებას, მიაქციონ ყურადღება ამ ადამიანს. შეეშვით მეთვალყურეობას. მოშორდით უბანს. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივედით, ის წავიდა უბნიდან, მაგრამ მაინც ვაფრთხილებ მას პირდაპირი ეთერით, რომ შეეშვას უბნებს, რადგან ეს არის დანაშაული და სირცხვილია, რომ მინისტრის მოადგილე ზის და ფულს არიგებს“. – განაცხადა ხატია დეკანოძემ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურს და მინისტრის მოადგილესთან დასაკავშირებლად დახმარება ვთხოვეთ.

მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, კობა გაბუნია ამომრჩევლისთვის ფულის დარიგებაზე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ გავრცელებულ ფოტოში მამასთან ერთად საკუთარი სახლის წინ ზის.

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაში მინისტრის მოადგილის მონაწილეობაზე შეკითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან შეიძლება მოდიოდეს დარღვევა. რეაგირება იქნება შესაბამისი. აუცილებელია, არსებობდეს უტყუარი კადრები და დამადასტურებელი დოკუმენტაცია თუ მასალა ამასთან დაკავშირებით.“  – განაცადა კახა კუჭავამ.