„მინისტრმა მითხრა, გინდა, განახო შენი სქრინებიო“ – დავით ფერაძე

ლიკა ზაკაშვილი

დირექტორთა კონკურსის მონაწილეების პროტესტი განათლების სამინისტროსთან გრძელდება. დავით ფერაძემ და მაია ეკალაძემ მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. თხოვნას, სამინისტროს ფოიეში ადგილის გამოყოფაზე, ამ დრომდე არ პასუხობს უწყება.

ფერაძემ და ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობის დაწყება გუშინ დააანონსეს. სამინისტროს შენობის ფოიეში ადგილის გამოყოფის შესახებ განცხადებაზე პასუხის მოსაკითხად შესულებს სამინისტროს წარმომადგენელმა უთხრა, რომ ხელმძღვანელობას მათთან შეხვედრა სურდა.

მედიისა და ტელეფონების გარეშე აიყვანეს შეხვედრაზე, რომელიც მინისტრის მოადგილის კაბინეტში გაიმართა.

მას მინისტრი და მისი ორი მოადგილე – თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე ესწრებოდნენ.

ეს იყო „შეხვედრა შეხვედრისთვის“ – განაცხადეს შეხვედრიდან გამოსულებმა. მაია ეკალაძის თქმით, შიმშილობის დაწყების შესახებ მისი გეგმა არ იცვლებოდა.

მინისტრმა კი პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის სხდომის დასრულებისას თქვა, რომ ის ყველას ხვდება და რომ კომისია, რომელმაც იმუშავა კანდიდატების შერჩევა/წარდგენაზე, იყო კვალიფიციური.

„თუ ვინმე თვლის, რომ მათი უფლებები დაირღვა, ამისთვის არსებობს სასამართლო. სხვა კუთხით სამინისტროსა და ჩვენს წარმომადგენელთან უკიდურესი პროტესტებით თუ შეურაცხმყოფელი განცხადებებითა და ულტიმატუმებით საუბარი უსაფუძვლოა.“

დავით ფერაძესა და მაია ეკალაძეს მინისტრთან გუშინდელი შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ – ვკითხეთ, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, რა უთხრეს და რა არგუმენტები მოისმინეს მინისტრისგან.

„მთელი ღამე ღია ცის ქვეშ ვიყავით. იმედი გვქონდა, რომ შეხვედრის შემდეგ რაღაცას შეცვლიდნენ, მაგრამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამოსვლა იმდენად ამაზრზენი იყო, რომ…

მაიას ვერ გადავაფიქრებინე, რომ არ ეშიმშილა. მე შევიკავე თავი, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. მთელი ღამე აქ ვიყავით. მარტო არც კი დავრჩენილვართ. ვთხოვეთ, ფოიეს პირველ ნაწილში თუ შეიძლება ღამის გათევა-თქო და არ დაგვტოვეს იქ. გვციოდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ყოჩაღად ვართ.

დღეს ჩვენ აქედან არ მივდივართ; კომპრომისის საშუალებას ვაძლევთ. რომ ეთქვა, დავფიქრდებით, ვიმუშავებთ… მაშინ ეს გზავნილი იქნებოდა, მაგრამ ხისტად თქვა – ეს არ იქნება, ის არ იქნება. მინისტრმა, არგუმენტები ვერ მომიყვანესო, ამ დროს არგუმენტებზე პასუხი არ ჰქონდათ.“ – ამბობს დავით ფერაძე.

მისივე თქმით, მინისტრთან შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა და დეტალურად მოახსენეს დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც პროცესის დარღვევით წარმართვაზე ეჭვს ამყარებს.

„პოლიტიკურად ანგაჟირებულები ხომ არ ხართო?“

„მინისტრმა საუბარი დაიწყო ასეთი პათოსით: პირველ რიგში მე მაინტერესებს, თქვენ ხართ თუ არა პოლიტიკურად ანგაჟირებულიო და რომელიმე პარტიას ხომ არ ეკუთვნითო, მეთქი ეს რა შეკითხვაა, რას ლაპარაკობ-თქო; არა, უბრალოდ მაინტერესებსო.

თქვენ პარლამენტში ხომ თქვით, რომ არ ვართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები და კარგად იცით, რომ არცერთ პარტიას არ განვეკუთვნები- თქო. არა, უბრალოდ, თქვენგან მინდოდა დადასტურებაო.

მერე დაამატა, რა მნიშვნელობა აქვს, პარტიულებიც ჩვენი ხალხიაო. უცებ შეცვალა.

მერე გვითხრა, გასაგებია, რომ პარტიულები არ ხართ, მაგრამ ამ ოპოზიციურ არხებთან რომ თანამშრომლობთ, ეს ასეთ შთაბეჭდილებს ტოვებსო. ვიღაცამ შეიძლება პოლიტიკურად გამოიყენოსო, რაზეც ვუპასუხე, რომ მაგაზე თქვენ იზრუნეთ, რომ არ გამოიყენონ პოლიტიკურად, მე რატომ უნდა ვიღელვო-თქო.“ – ამბობს დავით ფერაძე.

„გინდა, განახო შენი სქრინებიო“

 მაია ეკალაძე და დავით ფერაძე ამბობენ, რომ შეხვედრაზე მინისტრი სოციალურ ქსელებში მათ მიერ დატოვებული კომენტარების საკითხსაც შეეხო.

„გაჩვენოთ სქრინები, რას წერთ თქვენო… ჩვენ როცა ვთხოვდით ორგანიზაციებს, რომ შეხვედროდნენ მას და ესაუბრათ ჩვენს საკითხებზე, აი, ზუსტად ქუჩური სტილით ელაპარაკებოდა მათ. ჯგუფის იდეა იყო, რომ დაგვეწერა გვერდზე – „ხელფასები გაზარდე და დისკრეცია გამოიყენე, ბიჭო“, – ეს სიტყვა გამოვიყენეთ. ხომ ყველამ იცის, რომ ასეთი ტონით არავის ვესაუბრები, ირონია გავურიეთ, რომ მინისტრს ძველბიჭური საუბარი უყვარს-თქო და იქნებ ასე მაინც გაიგოსო. ეს გაგვახსენა, ასე გიწერიათო. მე ცოტა ხანშივე შევცვალე ეს, რადგან მასწავლებლები ვართ და ეს ბიჭო რა არის-მეთქი, მალევე წავშალეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, დასქრინეს“ – ამბობს მაია ეკალაძე.

„მე მეუბნება, გინდა, შენი სქრინები გიჩვენო, დათოო?! რა სქრინებზე ლაპარაკობ-მეთქი, ბატონი გიორგი. თვითონ ფამილიარულად მომმართავდა და მე ბატონობით. აი, იქნებ ფეიქიაო. რა ფეიქი, ჩემი სახელით ფეიქები არ არსებობს-თქო. პოსტები რაც არის, ყველა საჯაროა და ალბათ მიმანიშნა, ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვამჩნევთო.“ – ამბობს ფერაძე.

პასუხები არ ჰქონდათ

ფერაძის თქმით, მინისტრს დირექტორთა სერტიფიცირების ორ სხვადასხვა ეტაპზე არსებული დარღვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დასვეს კითხვებიც, თუმცა პასუხები არ მიუღიათ.

 „თქვენ იცით, რომ მე და მაია ეკალაძე დირექტორთა სერტიფიცირების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე დაბლოკილი კანდიდატები ვართ.

მაია გასაუბრების ეტაპზე დაიბლოკა და ავუხსენით, რა იყო ამ ეტაპზე დარღვევა – რომ არ იყო კრიტერიუმები წინასწარ ცნობილი. ჩაწერა არ მიმდინარეობდა გასაუბრების არცერთ ეტაპზე და ოქმს, რომელიც მაიამ გამოითხოვა, ხელს აწერენ ადამიანები, რომლებიც არ ესწრებოდნენ გასაუბრებას.

ამაზე პასუხები არ ჰქონდათ, სხვა თემაზე გადაჰქონდათ საუბარი. კომისიის თავმჯდომარე ვინ იყო, არ იციან და კვალიფიციური კომისია არისო, საჯაროდ აცხადებს მინისტრი.

რატომ არ წარადგინეს ერთზე მეტი კანდიდატი იმ სკოლებში, სადაც არჩევნებში მონაწილეობა ერთზე მეტს სურდა და ასეთი 300-ზე მეტი სკოლა იყო-თქო. ამაზე არაფერზე პასუხი არ ჰქონდათ.“ – ამბობს ფერაძე.

მაია ეკალაძის თქმით, გასაუბრების ეტაპზე დარღვევების შესახებ საუბრისას მინისტრმა უთხრა, რომ პროცესი დაწყებული იყო, როცა მინისტრად დაინიშნა. სერტიფიცირება ორეტაპიანია. ტესტირება 2022 წლის ზამთარში გაიმართა, გასაუბრებები კი – 2023 წლის გაზაფხულზე.

„მე როცა გასაუბრების ეტაპზე არსებული დარღვევები ჩამოვუთვალე, მითხრა, მე რომ აქ მოვედი პროცესი დაწყებული იყოო; უნდოდა, რომ ამაზე გადაეტანა; ეს არ არის გამამართლებელი; მე რომ შევდივარ გაკვეთილზე, შეიძლება წერა-კითხვა არ იცოდეს ბავშვმა მე-8 კლასში და მე ვერ დავიწყებ ძებნას, წინა კლასებში რატომ არ ისწავლა იმ ბავშვმა წერა-კითხვა, უნდა მოვაბა თავი და ვასწავლო. მე პასუხისმგებელი ვარ იმ ბავშვის წერა-კითხვაზე. სხვა შემთხვევაში ჩემს საქმეს ვერ გავაკეთებ; მე თუ მთხოვენ მასწავლებელს ამას, მინისტრს უფრო არ ევალება?“ – ამბობს ეკალაძე.

„23-ე საჯარო სკოლაში სხვა გზა არ გვქონდა“

დავით ფერაძის თქმით, საუბარი შეეხო 23-ე საჯარო სკოლაში დირექტორის დისკრეციით დანიშვნას. 23-ე საჯარო სკოლაში არჩევნებამდე 2 თვით ადრე, სექტემბერში, მინისტრმა დისკრეციით დანიშნა დირექტორი, რომელიც განათლების სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მეუღლეა. ოქტომბერში კი ამ სკოლაში, იმის მიუხედავად, რომ სკოლის დირექტორობა 6 კანდიდატს სურდა, არჩევნები არ დაინიშნა.

„ვისაუბრეთ 23-ე საჯარო სკოლის თემაზე. ვინ არის დირექტორი, მე არ ვიცნობო; ყველას ხომ არ უნდა ვიცნობდეო. აბა, რა კრიტერიუმით შეირჩა-თქო, შევუბრუნე კითხვა.

მერე ჩაერია გელაძე საუბარში და თქვა, რომ იმ დროს სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავდა, მოადგილეებმა კი უარი თქვეს მოვალეობის შემსრულებლად მუშაობაზე და სწავლას ვერ ვიწყებდით, რა უნდა გვექნაო. არაფერი-მეთქი ვუთხარი, მაგრამ მერე რატომ არ დანიშნეთ არჩევნები, როცა 6 მსურველი იყო-თქო.

აქ მინისტრი მპასუხობს, რომ კომისიამ დაგიწუნაო. მერე მე ვუთხარი, იმ კომისიამ 500-მდე ადამიანი დაიწუნა და არ გაგიჩნდათ ეჭვი იმ კომისიის კვალიფიკაციაზე-თქო. აქ მახარაშვილი ჩაერთო – იქ შეიძლება გადასარევები იყვნენო, მაგრამ კონკრეტული სკოლის საჭიროება ვერ თქვაო. როგორ, – მე ვუთხარი, – კომისიამ უფრო იცოდა წალენჯიხის სკოლის ვითარება, ვიდრე წალენჯიხელმა კანდიდატმა-თქო? ამაზეც არ ჰქონდათ პასუხი“. – ამბობს ფერაძე.

„შეიძლება კიდევ გამოვაცხადოთ გასაუბრებებიო“

დავით ფერაძის თქმით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ შესაძლოა, იმ სერტიფიცირებული კანდიდატებისთვის, რომლებიც არსად არ წარუდგენიათ, უახლოეს მომავალში კვლავ გამოაცხადონ გასაუბრება და არჩევნები დაინიშნოს არჩეული დირექტორების გარეშე დარჩენილ სკოლებში.

„მოადგილემ დაამატა, რომ დაგვრჩა 800-მდე სკოლაო; ეს წარდგენების პირველი ეტაპი იყო და შესაძლოა, იმათზე ცალკე გამოვაცხადოთ გასაუბრებაო. ესე იგი, კიდე თავიდან უნდა შემოვხაზოთ სკოლები-თქო, კიო. კი ბატონო, იყოს-თქო.“ – ამბობს ფერაძე. მისი თქმით, სერტიფიცირებული დირექტორების სხვა სკოლებში წარდგენის გადაწყვეტილება და სერტიფიცირების მეორე, გასაუბრების ეტაპზე დაბლოკილი კანდიდატებისთვის ხელახალი გასაუბრების დანიშვნა მათი მოთხოვნების შესრულებად მიიჩნევა.