მინსკში არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა - BBC

პუბლიკა

წუხელ მინსკში სპეცრაზმელებსა და მოქალაქეების დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ბელარუსის შსს-მ გუშინ გვიან ღამით დაადასტურა.

BBC ბელარუსის შსს-ზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტი პრიტიცკის ქუჩაზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბარიკადებს აშენებდნენ, სპეცრაზმელებმა მათ ხელი შეუშალეს, რა დროსაც ერთ-ერთი მომიტინგე შეეცადა სამართალდამცავების მიმართულებით უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაეგდო. ის აფეთქდა და მამაკაცმა სოცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.

რუსული გამოცემა Meduza წერს, რომ ბელორუსში ინტერნეტი მესამე დღეა არ მუშაობს. სახელმწიფო უწყებები და პრეზიდენტი ლუკაშენკო უცხოურ კიბერ შეტევებზე საუბრობენ, ხოლო კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტები ეჭვობენ, რომ სწორედ სახელმწიფომ შეზღუდა კომუნიკაციები.

ბელარუსულმა გამოცემა TUT.BY-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კალვარისკის ქუჩაზე გამოჩნდა ასამდე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირი, რომელთაც ავტომატები და საბრძოლო აღჭურვილობა ჰქონდათ. აქციაზე გაზეთ Nasha Niva-ს ჟურნალისტი ნატალია ლუბნევსკაია დაშავდა.


ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო.