განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პროფესიული სწავლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ, პარლამენტს საშემოდგომო სესიის ფარგლებში მიმართავენ საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც შესაძლებელი იქნება პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მიქანაძის თქმით, ამ ინიციატივით პროფესიული იმიჯის წინ წამოწევა სურთ.
„ჩვენთვის პროფესიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, იყო, რომ ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს, რომ დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც, პირველ რიგში, ადამიანობა, შემდგომში – პროფესიონალიზმი.
ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს და არანაირად არ შეიძლება დავაკნინოთ, მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ წლიდან წლამდე უფრო მეტი ინტერესი არსებობს, უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევათ გარკვეული პროფესია შეიძინონ.
ბოლო რამდენიმე წელიწადში, კერძო სექტორთან გააქტიურებული მუშაობით, 24% თუ იყო დასაქმება კურსდამთავრებულების, ახლა 74%-ზე ვართ ასული. სწორედ კერძო სექტორს ვეკითხებით, რა მიმართულებით რა სპეციალისტები გვჭირდება და ამ მიმართულებაში გვაქვს ინვესტირება. ამ ადამიანების სწორი გადამზადებით და მოთხოვნილებასთან შესაბამისი გადამზადებით მივაღწიეთ ასეთ მაღალ მაჩვენებელს. ამასთანავე გეტყვით, რომ თვითონ პროფესიულ სასწავლებლებში გვაქვს ინტეგრირებული პროგრამები, სადაც მოსწავლეები ადგილზე მიდიან და ამ სასწავლო პროცესს გადიან.
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ანუ, ამით ჩვენ პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პროფესიულ განათლებამიღებული ადამიანი, არ შეიძლება, იყოს უმაღლესზე რაღაცით დაბალხარისხოვანი. ეს წარმოუდგენელია და ეს სტერეოტიპი არსებობს, რომლის წინააღმდეგაც აქტიურად ვიბრძვით“, – თქვა გივი მიქანაძემ.
მან ასევე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. გივი მიქანაძის თქმით, დამამთავრებელ კლასებში იგეგმება „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვა, „რაც მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს დაეფუძნება“.
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება, ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, – თქვა მიქანაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება.
გივი მიქანაძემ ასევე განაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა ერთიან კანონპროექტზე – ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს.
მისი განმარტებით, ამ კანონპროექტში ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით.
„განათლების ყველა საფეხურს და მეცნიერებას არეგულირებს 7 მოქმედი კანონი, რომელიც საკმაოდ მოძველებულია. ყოველ საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე გვიწევს ახალი ინიცირების შეტანა და ცვლილება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონები საჭიროებს მთლიან შეცვლას.
ამიტომ ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა, ექსპერტების ჩართულობით, ვმუშაობთ ერთიან კანონპროექტზე – ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს.
ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით.
მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, – თქვა გივი მიქანაძემ.