„ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ ამომრჩევლისთვის პირადობების ჩამორთმევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მიქანაძემ განაცხადა, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თამარ კორძაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ წნორის ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს, სიცრუეა.
მისივე მტკიცებით, ასევე სიყალბეა „მთავარის“ მიერ რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შესახებ გაკეთებული სიუჟეტიც.
„17 ოქტომბერს თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, თითქოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა წნორში, მოხუცთა თავშესაფარში 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და ოფისში წაიღეს. წარმოდგენილი ინფორმაცია სიცრუე რომ არის, ამაზე თავად კორძაიას განცხადება მეტყველებს, რომლის თანახმად [ვციტირებ] „ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ დავასახელებთ“. რეალურად, არანაირი პირადობის ჩამორთმევას ადგილი არ ჰქონია და არის მტკნარი სიცრუე. თუმცა, თამარ კორძაიასგან მსგავსი განცხადება არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რადგან 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებზე იგი სიცრუის ტირაჟირებით იყო დაკავებული, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი გახლდათ.
17 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა“ გაუშვა სიუჟეტი, რომლითაც რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებით მანიპულირებას შეეცადა. სიუჟეტში გაჟღერებული სიყალბე რუსთავში წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვის მცდელობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა რუსთავის მერმა, რომლითაც დადასტურდა, რომ სიუჟეტში ასახული ინფორმაცია არის სრული სიყალბე, და მიმართა უწყებათაშორის კომისიას და სადამკვირვებლო მისიებს, რათა დეტალურად შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიული ტელევიზიების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლისა და სიცრუის გავრცელების მორიგი ფაქტი აისახოს შესაბამის დასკვნებში“, – განაცხადა მიქანაძემ.
მისი თქმით, „სიცრუის ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობენ ე.წ. ნეიტრალური ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები“.
17 ოქტომბერს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ „წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების“ ოფისში წაიღეს“.
მისი თქმით, იციან თითოეული ამ მოქალაქისა და დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები.
17 ოქტომბერს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, არჩევნების წინ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს ართმევენ.