მიქსერი: კანონის ხელახლა შემოტანით „ოცნება" შლის ქართველების EU-სკენ მისწრაფებებს

პუბლიკა

„უცხოური აგენტების კანონის” ხელახლა შემოტანით „ქართული ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, სვენ მიქსერი სოციალურ ქსელში წერს.

„უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანით პარტია „ქართული ოცნება” შლის უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიღებაში დახმარებოდა”, – წერს მიქსერი სოციალურ ქსელ X-ზე.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.