მირტყამდნენ გვერდებში, ფეხებზე და თავში უკნიდან - თინა ვაშაკიძე იხსენებს, როგორ დააკავეს ჭავჭავაძეზე

პუბლიკა

„საქართველოს კულინარიის აკადემიის“ ლექტორი თინა ვაშაკიძე ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ დააკავეს.

„პუბლიკასთან“ საუბარში ის იხსენებს, რომ პოლიციამ მასზე და მის თანმხლებზე იძალადა, ორივეს სცემა და ისე ჩასვა პოლიციის მანქანაში. თინა ვაშაკიძე მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მისი თანმხლები კაცი კი ამ დრომდე დაკავებულია.

„მე და ჩემი მეგობარი ვიყავით პაატა ალავერდაშვილი უჩა აბაშიძის სახლთან. იქიდან რომ გამოვედით, ერთი პოლიციელი იყო, სავარაუდოდ უფროსი, სახელი და გვარი არ ვიცი, დაგვემუქრა, თქვენ დაგიჭერთო. რავიცი, ჩვეულებრივად ვიდექით, არაფერს არ ვაკეთებდით…

მერე უკვე ჭავჭავაძეზე რომ ჩავედით,  ბევრი ხალხი მოგროვდა, გზა გადაიკეტა და მივყვებოდით ამ მსვლელობას. რომ დაიწყო ჩოჩქოლი, ერთი ბიჭი დააკავეს, მე და პაატა ერთად მოვდიოდით ხელჩაკიდებული და ამ დროს ჩვენს წინ ასაკოვანი კაცი წაიქცა თუ წააქციეს. ინსტიტქტურად ორივე მივედით ამ კაცის წამოსაყენებლად და გარშემო შემოგვეხვია რამდენიმე პოლიციელი, მიწაზე დაგვაგდეს ორივე ერთად, გვირტყამდნენ. მე პირადად თავში ცალკე ვგრძნობდი და გვერდებში, წინ ვხედავდი წიხლებს და პაატა ჩემ გვერდით ეგდო… პაატა შეათრიეს მანქანაში და მე ვუძალიანდებოდი, არ ვჯდებოდი და ერთმა ახალგაზრდა პოლიციელმა გამომწია, ეტყობა, უნდოდა, გავერიდებინე და ეს უფროსი, რომელიც დამპირდა, დაგიჭერო, უკნიდან თმაში მწვდა, შემათრია მანქანაში და წიხლი მომაყოლა“, – იხსენებს ის „პუბლიკასთან“ საუბარში.

მისი თქმით, მანქანაში მასზე ძალადობა აღარ ყოფილა. დაკავებულები კახეთის გზატკეცილზე გადაიყვანეს.

„რამდენიმე საათი გაგვაჩერეს იქ, არც წყალი, არც დასაჯდომი… ოქმები შეადგინეს, ხელი არაფერზე მოვუწერე. გაგვჩხრიკეს, ამოალაგეს… რომ დავიწყე ლაპარაკი და ვითხოვდი, სასწრაფო მოეყვანათ,  რადგან ნაცემი ვიყავი და თავი მტკიოდა, ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ორმა პოლიციელმა გამომიყვანა, ტელეფონი მომცეს, ოქმი შეადგინეს და გამომიშვეს.

საავადმყოფოში არ ვყოფილვარ, მთელი ღამე ვარკვევდი, პაატა და დანარჩენი ბიჭები სად იყვნენ. ახლა გავარკვიე, 4 არის ზაჰესში, ერთი, სავარაუდოდ, მთავარ სამმართველოშია. ახლა მეწყება ტკივილი და ვაპირებ, წავიდე გამოკვლევებზე. სახეზე შესამჩნევი დაზიანება არ მაქვს, უფრო მირტყამდნენ გვერდებში, ფეხებზე და თავში უკნიდან“, – ამბობს ის.

თინას თქმით, ის ხელწერილის საფუძველზეა გამოშვებული, თუმცა ჯერ ადვოკატი არ ჰყავს.

„დღეს დილიდან ჩემს სახლთან დგას „ქამრი“ ჩაბურული მინებით, შიგნით სხედან. ახლა ვიყავით ზაჰესში, რომ ვეძებდით პაატას. დიღმამდე წამომყვა მანქანა და პოსტი როცა დავდე, გადაუხვია, დამანება თავი“, – ეუბნება ის „პუბლიკას“.


თინა ვაშაკიძე სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ დააკავეს.

უჩა აბაშიძესთან სახლში პოლიცია ღამით შევიდა. შსს-ის მტკიცებით, მისი საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ასევე, უწყების ცნობით, შსს-ს სხვადასხვა სამთავრობო უწყების – შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება აქვს დაწყებული, „რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს”.

ოჯახის ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს არ მიეცა ადვოკატებთან დარეკვის შესაძლებლობა. მოგვიანებით, მოქალაქეები მის საცხოვრებელ სახლთან სოლიდარობის მიზნით შეიკრიბნენ. 

ასევე, ოჯახის და მეგობრების განცხადებით, ის იარაღი, რისი ვიდეო მასალაც შსს-მ გაავრცელა, სიმულაციური თამაშის, „ეარსოფტის” სათამაშო თოფებია.