მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

პუბლიკა

„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მიხეილ მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს.

საქართველოს გენერალური პროკურორის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმე, ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებიდან და გამოსაძიებლად  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დაესხნენ.

პროკურატურამ მშვილდაძის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი 28 ივნისს დააკავა. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გუშინ, 5 ივლისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში სუსის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძე ფიგურირებს“.