ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ძირს უთხრის.
განცხადება ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის ფარგლებში, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მიშელ ჩერვონე დ’ურსომ გააკეთა.
„ევროკავშირი საქართველოს შეახსენებს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას და მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს“, – განაცხადა დ’ურსომ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე გამოხატა ღრმა შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მოტივით გამოყენების გამო.
მისივე თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია რეპრესიული ზომების მიღებითაც, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული.
„ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციონერი ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების პატიმრობას“, – აცხადებს ის.
ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, მოაგვაროს არსებული პრობლემები და საკუთარი პოლიტიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს.
ევროკავშირის შეფასებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღდგეს.