მისი განცხადება ეფუძნება არასწორ ინფორმაციას - კობახიძე სენატორ რიშზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სენატორის განცხადება საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების შესახებ არასწორ ინფორმაციას ეფუძნება.

„ჩვენ ბუნებრივია სენატორ რიშს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი, მათ შორის თვითონ სენატში არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, პატივისცემას მის მიმართ გამოვხატავთ, თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მისი განცხადება ერთმნიშვნევლოვნად ეფუძნება არასწორ ინფორმაციას. ჩვენ ინფორმაცია გვაქვს იმის თაობაზე, თუ რა ხაზებით მიდის ასეთი ცნობები კონკრეტული თანამდებობის პირებთან. ხშირად ხდება არასწორი ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იგივე ხაზი აქვს გაჭრილი და ისინი მცდარ ინფორმაციას აწვდიან მათ [სენატორებსა და კონგრესმენებს] . კობახიძემ  აღნიშნა, რომ სენატორი რიში 2012 წელსაც აკეთებდა მსგავსს განცხადებებს, თუმცა ის არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

„ისინი მუდმივად ახერხებენ ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდ პატივს ვცემთ, არასწორი ინფორმაციის მიწოდებას. სენატორ რიშს ისინი 2012 წლის დეკემბერში არწმუნებდნენ, რომ  როდესაც ხდებოდა პოლიტიკური დევნის დაწყება… დააკვირდით გვარებს, სააკაშვილის, ადეიშვილის, ახალაიას და სხვების მიმართ, ყველამ იცის მათი კრიმინალური პოლიტიკური წარსული. მაშინაც კი, 2012 წლის დეკემბერში ახერხებდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას ამ კონკრეტულ სენატორთან და  მის კოლეგებთან“, – თქვა კობახიძემ.


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების შესახებ დისკუსიას გამოეხმაურა. რიშის თქმით, ის ელის, რომ პარტიები შეასრულებენ ხელშეკრულების პირობებს და პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას. მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და წინსვლას ახალი საარჩევნო სისტემისთვის“, – წერს სენატორი Twitter-ზე.