მისი თითო კიდური ეჭირა თითო თანამშრომელს, რომ არ დაზიანებულიყო - ბრეგაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენენ.

იგი ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, რომელთა ნაწილი საქართველოს მესმე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, „ამ ქვეყანაში ყველა კანონის წინაშე თანასწორია, მიუხედავად მისი ამჟამინდელი თუ ყოფილი სტატუსისა და  პენიტენციური სისტემაში აბსოლუტურად ყველა პატიმრის უფლება არის დაცული”.

ბრეგაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ექნებათ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და პერსონალის თანხმობა, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანილი იქნება რუსთავის 12-ე დაწესებულებაში, სადაც თავიდან იყო შესახლებული.

მინისტრმა ასევე უპასუხა მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის კადრების გასაჯაროებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც. ის ამბობს,  რომ მისი 18-ე დაწესებულაბასი გადაყვანა  იყო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას, „როდესაც ადამიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი არის მაღალი. სწორედ ამიტომ გადავიყვანეთ ნომერ 18-ე დაწესებულებაში”. – ამბობს ბრეგაძე.

„რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას – განაგრძობს მინისტრი – მისი ადვოკატები და ჟურნალისტები საუბრობდნენ იმაზე, რომ მას იძულებით დაატოვებინეს 12-ე დაწესებულება… ეს გამოიწვევდა მღელვარებას და არეულობას, ამას ვერ დავუშვებდით, ამან მიგვიყვანა, რომ გამოვაქვეყნეთ, თუ როგორ გამოდის საკუთარი ნებით 12-ე დაწესებულებიდან. მერე უკვე კარგად გვახსოვს გლდანის 18-ში შესახელბას რა ისტერია მოჰყვა და რა მზადდებოდა”. – თქვა იუსტიციის მინისტრმა.

მან მოიყვანა  ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და ნიკა გვარამიას ციტატები, რომლებიც მისი თქმით, ითხოვდნენ კადრების გასაჯაროებას. –  “გვესმოდა სხვა მოწოდებებიც, იკრიბებოდა ხალხი პენიტენციურ დაწესებულებასთან, უსაფრთხოების დაცვას სჭირდებოდა დიდი სახელმწიფო რესურსი”.

მისი თქმით, სახელმწიფოს აღარ დარჩა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ეცნობებინა საზოგადოებისთვის სიმართლე –  „ამიტომ ვიმოქმედეთ. მიზანი იყო საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნება”.

უშუალოდ დაწესებულებაში შესახელებასთან დაკავშირებით ბრეგაძე ამბობს, რომ “როდესაც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს პატიმარი, თანამშრომლებს აქვთ სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება. მაგრამ  მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს, რომ არ დაზიანებულიყო, და ასე შეჰყავდათ”.