მიტინგები ჩვენი საპასუხო რეაქციებიდან ყველაზე ნაკლებპროდუქტიული მგონია - ჭიაბერაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი და „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ოპოზიციის გეგმებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, გიგი უგულავას დაჭერით გამოწვეული ბრაზის ფონზე ოპოზიციურ ამომრჩეველში რადიკალური განწყობების მატება ბუნებრივი რეაქციაა. თუმცა ფიქრობს, რომ მიტინგები საპასუხო რეაქციებიდან ყველაზე ნაკლებპროდუქტიული იქნება.

„გაცილებით მნიშვნელოვანია, შეხვედრები ხალხთან – სოფლად, ქალაქად, ინტერესთა ჯგუფების, პროფესიების, თავშეყრის ადგილების მიხედვით.

მეტმა და მეტმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მათ და მათ შვილებს პერსპექტივა არ გვაქვს ამ მდგომარეობაში. ეს აუცილებელია არჩევნებისთვისაც და იმისთვისაც, რომ ხალხმა არჩევნების შედეგი – და ეს საჭირო გახდება – ქუჩაში დაიცვას.

პანიკისა და აპათიის ყველანაირი თესვა და ძახილი „არჩევნებით არაფერი გამოვა”. მხოლოდ გვაშორებს აუცილებლად გასაკეთებელ რუტინულ სამუშაოს. კერძოდ, ოპოზიციის შეთანხმებას საერთო-საარჩევნო სტრატეგიაზე და მის ეფექტურ აღსრულებას. სიმწირის პირობებში რესურსები ამაზე უნდა დაიხარჯოს.

მიტინგები გვჭირდება, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილი და არა როგორც ივანიშვილის დამარცხების თვითკმარი საშუალება”, – წერს ჭიაბერაშვილი.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარება და შედეგის დადება აუცილებელი წინაპირობაა.

„ამ ტიპის ავტორიტარიზმთან ბრძოლას შედეგი მოაქვს შიდა პროტესტისა (საარჩევნო ყუთთანაც და ქუჩშიც) და საგარეო ზეწოლის გონივრული კომბინაციით. არ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენს საქმეს ვინმე სხვა გააკეთებს. ამიტომ ისევ გავიმეორებ:

მეტმა და მეტმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მათ და მათ შვილებს პერსპექტივა არ გვაქვს ამ მდგომარეობაში. ეს აუცილებელია არჩევნებისთვისაც და იმისთვისაც, რომ ხალხმა არჩევნების შედეგი – და ეს საჭირო გახდება – ქუჩაში დაიცვას”, – წერს ჭიაბერაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ დააკავეს. უზენაესმა სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სახელმწიფო გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გიგი უგულავას საქმეს მოსამართლეები შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ.